STRABAG – თანამშრომლებს შორის 1 მეტრი დისტანცია არაა გარანტირებული

Construction News

უმსხვილესი ავსტრიული სამშენებლო კომპანია “STRABAG” განცხადებას აკეთებს “მოკლე სამუშაო დღის სისტემის” დანერგვის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდება მთავრობის მიერ გამოცემულ დირექტივას სამუშაო დროის შესახებ “KUA-COVID-19”. საწყის ეტაპზე, კომპანია სამი თვით გეგმავს ამ სისტემით მუშაობას.

მოკლე სამუშაო დღის სისტემის რეგულაცია, არის მთავრობის სწრაფი რეაგირება საზოგადოების მოთხოვნაზე, რომ ახალი სამუშაო რეგულაციის პირობებში, ყველა მხარის ინტერესი იყოს დაცული. ამ გადაწყვეტილებით, კადრების მასობრივი შემცირება დღის წესრიგიდან მოიხსნება, რაც მე ძალიან მახარებს” – განაცხადა “STRABAG”-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტომას ბირტელმა.

რატომ ვუჭერთ მხარს ამ მოდელს – ცხადია “მოკლე სამუშაო დღის სისტემა” გადაარჩენს მრავალ სამუშაო ადგილს, ის არის გაცილებით ეფექტური საშუალება კომპანიის უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად და მიუხედავად შემოსავლის გარდაუვალი  შემცირებისა, ქმნის გაცილებით უკეთეს ფინანსურ ვითარებას ჩვენი კოლეგებისთვის, ვიდრე უმუშევრობის კომპენსაცია იქნებოდა”, – აღნიშნა დასაქმების ცენტრალური საბჭოს თავმჯომარემ, რობერტ ტაიბლიმ.

მანამდე, ვიდრე მთავრობა სამუშაო დროის შესახებ დირექტივას გამოსცემდა, “STRABAG”-ში მიღებული ჰქონდათ გადაწყვეტილება, სამშენებლო სამუშაოების შეჩერების შესახებ. შეჩერების ბრძანება დაახლოებით 1,000 სამშენებლო ობიექტს ეხებოდა. კომპანიაში აღნიშნავდნენ, რომ სამშენებლო ობიექტების შეფასებისას დაადგინეს, რომ უმეტეს სამშენებლო მოედნებზე არ იქნებოდა გარანტირებული თანამშრომლებს შორის ერთი მეტრი დისტანციის შენარჩუნება, რასაც ახალი საკანონმდებლო რეგულაცია მოითხოვდა. აღნიშნული საკითხის განხილვის შემდეგ კომპანიაში მიიღეს გადაწყვეტილება სამუშაოების შეჩერების შესახებ, თუმცა “მოკლე სამუშაო დღის სისტემის” დანერგვის შედეგად “STRABAG” ანახლებს სამშენებლო სამუშაოებს.

კომპანიის მასშტაბების გათვალისწინებით, სამუშაოების შეჩერება მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას მოახდენდა როგორც კომპანიაში დასაქმებულ პირებზე, ასევე კომპანიის დამკვეთებზე და შესაბამისად თავად კომპანიაზეც.

აქვე შეგახსენებთ, “STRABAG” არის ავსტრიული უმსხვილესი სამშენებლო კომპანია, რომელიც 75,000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს, ხოლო მისი წლიური ბრუნვა დაახლოებით 16 მილიარდ ევროს შეადგენს. გარდა ამისა, კომპანია ფლობს ფილიალებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და ასევე, სხვა კონტინენტებზეც.

მსგავსი სტატიები