EIB-ის მიერ გამოყოფილი €250 მილიონით რუსთავი-სადახლოს მაგისტრალის მშენებლობა მოხდება

Construction News

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი 250 მლნ ევრო რუსთავი-წითელი ხიდისა და რუსთავი-სადახლოს მაგისტრალების მშენებლობა-რეაბილიტაციას მოხმარდება. ამის შესახებ პრემიერმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, ვაზილ ჰუდაკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“დღეს ხელი ეწერება მნიშვნელოვან ფინანსურ ხელშეკრულებას – ფორმდება შეთანხმება საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის სესხის სახით 250 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ. ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისათვის, რომ უფრო აქტიურად განვავითაროთ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს საგზაო დერეფნის განვითარების თვალსაზრისით ბანკის მიერ ბოლო წლებში განხორციელებული ინვესტიციები. ასევე, მსურს, აღვნიშნო ბანკის ფინანსური წვლილი სატრანსპორტო კომუნიკაციის, საგზაო და მათ შორის წყლის ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში. ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი 250 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მიმართული იქნება კონკრეტულ პროექტებზე, როგორიცაა რუსთავი-წითელი ხიდისა და რუსთავი-სადახლოს მაგისტრალების მშენებლობა-რეაბილიტაცია. მოგეხსენებათ, აღნიშნული მაგისტრალები საქართველოს საგზაო-სატრანსპორტო ხერხემლის მნიშვნელოვან მონაკვეთებს წარმოადგენს და ხელს უწყობს ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდას და ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო გაძლიერებას. ჩვენ ასევე მივესალმებით ევროპის საინვესტიციო ბანკის გადაწყვეტილებას, გაზარდოს ოპერაციების მოცულობა კერძო სექტორში და ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარებას”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, “დღევანდელ შეხვედრაზე ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს ვთხოვე, გვქონდეს მეტი წვდომა ე.წ ინოვაციური პროგრამებისა და პროექტების დასაფინანსებლად”.

მსგავსი სტატიები