EBRD მზად არის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის მიმართულებით თანამშრომლობისთვის

Construction News

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პირველი ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში მიღწეულ პროგრესს შთამბეჭდავს უწოდებს და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს პოზიტიურად აფასებს, – ამის შესახებ იურგენ რიგტერნიქმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროექტებს, მათ შორის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას. აღინიშნა, რომ განახლებადი ენერგიის წყაროებიდან  გამომუშავებული ენერგიის ქვეყნის   ტერიტორიაზე  ეფექტიანად განაწილებისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება გადამცემი ხაზების მშენებლობას და EBRD მზად არის ამ მიმართულებით თანამშრომლობისთვის.  ამასთან, იურგენ რიგტერნიქმა აღნიშნა, რომ საქართველო  EBRD-ისთვის ძალიან კარგი პარტნიორია და ბანკი მომავალშიც დაუჭერს მხარს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას.

ძალიან კარგი და კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ფინანსთა მინისტრთან, რომელიც ამავდროულად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველია საქართველოს მხრიდან. ქვეყნის მიერ 2019 წელს მიღწეული წინსვლა საკმაოდ შთამბეჭდავია. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ძალიან კარგია, რაც  გასულ წელს  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ინვესტიციების ოდენობის ზრდაზე აისახა –  თითქმის 300 მილიონი ევროს კაპიტალდაბანდება განხორციელდა. შეხვედრაზე სამომავლო პერსპექტივებიც განვიხილეთ და ბევრი შესაძლო პროექტი გამოვავლინეთ ერთობლივი ინვესტიციების განსახორციელებლად, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში. 2020 წელი გამოწვევა იქნება საქართველოსთვის, არა მარტო იმის გამო, რომ მესამე კვარტალში არჩევნებია დაგეგმილი, არამედ კორონავირუსის მიზეზითაც. ეს ყველა ქვეყნისთვისაა გამოწვევა. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან განვიხილეთ მისგან მომდინარე სავარაუდო ეფექტი. ის მთელს რეგიონზე მოახდენს გავლენას მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მიმართულებით, განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, სადაც ტურიზმი დიდ მნიშვნელობას ატარებს”, –  განაცხადა იურგენ რიგტერნიქმა.

მსგავსი სტატიები