COVID19-ის გავლენა სამშენებლო სექტორზე გარდაუვალია – ბრიტანეთში გართულებებისთვის ემზადებიან

Construction News

სამშენებლო სექტორზე კორონავირუსის გავლენის შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ბრიტანეთის სამშენებლო ინდუსტრიის სავაჭრო ორგანიზაციებმა და სამოქალაქო მშენებლობის ასოციაციის წევრებმა – ინფორმაციას გლობალური სამშენებლო პლატფორმა “Construction Global” ავრცელებს.

“ბრიტანეთში, ბოლო პერიოდში კორონავირუსის სწრაფმა გავრცელებამ მძიმე შედეგები მოუტანა ტურიზმის სექტორს, თუმცა COVID-19-ის გავრცელება სამშენებლო სექტორზედაც დრამატულად იმოქმედებს. მაშინ როდესაც გასულ კვირას პრიორიტეტული ამოცანა იყო კრიტიკულად მნიშვნელოვან სამშენებლო ობიექტებზე არ შეჩერებულიყო სამუშაოები, უკვე მოსალოდნელია, რომ მომდევნო კვირებში ეს ვითარება შეიცვლება. თუ მთავრობა გადაწყვიტავს, რომ დახუროს ქვეყნის საზღვრები და ბრიტანეთის მოქალაქეებს შეეზღუდებათ გადაადგილება, ამ შემთხვევაში სამშენებლო სამუშაოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას, ყოველი ცალკეული სამშენებლო კომპანია ინდივიდუალურად მიიღებს. COVID-19-ის გავლენა სამშენებლო სექტორზე გარდაუვალია და ამ ინდუსტრიის სხვადასხვა დონეს შეეხება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე მითითებულია, თუ რა ზომებს მიმართეს უკვე წევრმა ორგანიზაციებმა:

  • ჰიგიენის საშუალებების მომარაგება, მუშახელის უსაფრთხოების მიზნით;
  • კლიენტებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა, გაუთვალისწინებელი ვითარების შემთხვევაში;
  • სახელშეკრულებო პირობების გადახედვა, რათა გავიაზროთ მიმდინარე და სამომავლოდ მოსალოდნელი პროცესები;
  • ურთიერთობა ბანკებთან და დონორებთან, რათა მოხდეს კრედიტით უზრუნველყოფა;
  • მიმართვა HMRC-თან, გადასახადების შეფერხებით გადახდასთან დაკავშირებით;
  • მომწოდებლებთან ურთიერთობა;
  • ყოველი ცალკეული პროექტისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა;
  • დაგეგმილი ღონისძიებებისა და პროექტების განხილვა;
  • დისტანციური კავშირის უზრუნვეყოფა;
  • შესაძლებლობის შემთხვევაში თანამშრომლებისთვის სახლიდან მუშაობის შეთავაზება;
  • ორგანიზაციის ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების დაცვა, როგორიც არის ბუღალტერია და სახელფასო ანაზღაურება;
  • სამუშაო ძალის ჯგუფებად დაყოფა, რათა ყველა ერთად არ გახდეს ავად;
  • ხელმძღვანელ პირებს შორის კონტაქტის შემცირება;
  • საზღვარგარეთ საქმიანი ვიზიტების გადადება, ან ონლაინ შეხვედრებით ჩანაცვლება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამუშაოს განხორციელება გართულდება როგორც სამშენებლო მოედნებზე, ასევე სამშენებლო მასალების წარმოებებში.

ასევე, ბევრი ადამიანი შეშფოთებულია ფინანსური საკითხებით და ბიზნესის მომავლით – როგორც დამსაქმებლები, ასევე დასაქმებულები.

ამ დროს კომუნიკაცია მთავარია, რათა შეძლებისდაგვარად დავამშიდოთ დასაქმებულები და მომწოდებლები. ასევე, უზრუნველვყოთ სწრაფი რეაგირება სამთავრობო რეკომენდაციებსა და რეგულაციებზე, რაც საკმაოდ სწრაფად იცვლება” – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სტატიები