Brexit-მა დიდ ბრიტანეთში სამშენებლო აქტიურობა შეამცირა

Construction News

კვლევის თანახმად, ბრექსითთან დაკავშირებული გაურკვევლობის გამო, დიდ ბრიტანეთში სამშენებლო სექტორის აქტიურობამ დეკემბერში ბოლო 3 თვის მინიმუმს მიაღწია.

“მენეჯერების შესყიდვის მაჩვენებელი” (PMI) 2018 წლის დეკემბერში სამშენებლო სექტორში 52.8-მდე დაეცა,  აღნიშნული მაჩვენებელი ნოემბერში 53.4-ს შეადგენდა და სექტემბრის შემდეგ ბოლო სამი თვის მინიმუმს მიაღწია.

სამოქალაქო მშენებლობა დეკემბერში გაიზარდა, თუმცა საცხოვრებელი და კომერციული მშენებლობა შენელდა.

„გართულებულმა ეკონომიკურმა პირობებმა და პოლიტიკური გაურკვევლობის ნეგატიურმა ეფექტმა, კომერციული მიმართულების ყველაზე სუსტი ზრდა განაპირობა, ბოლო 7 თვის განმავლობაში“, – განაცხადა კომპანია IHS Markit-ის წარმომადგენელმა თიმ მურმა, რომელმაც განახორციელა PMI-ის კვლევა.

„ახალი შეკვეთების უმნიშვნელო მატებისა და აქტიურობის საერთო ზრდის შენელების ფონზე, კომპანიები ბრექსითის გაურკვევლობის გავლენას განიცდიდნენ, რაც  განსაკუთრებულად კომერციულ პროექტებზე აისახა“, – განაცხადა “შესყიდვებისა და მომარაგების ინსტიტუტის” (Institute of Procurement & Supply) წარმომადგენელმა, დუნკან ბროკმა.

მშენებლობა დიდ ბრიტანეთში მშპ-ს დაახლოებით 6%-ს შეადგენს.

“უკანასკნელი კვლევების მონაცემებით, 2018 წლის მესამე კვარტალში სექტორი 2.3 პროცენტით გაიზარდა. PMI ინდექსის თანახმად, მეოთხე კვარტლის მონაცემები მესამე კვარტლის საშუალო მაჩვენებლის შესაბამისია”, – აღნიშნა სემუელ ტომბსმა, კვლევის კომპანია Pantheon -იდან.

სამშენებლო ინდუსტრიის ტრეინინგის საბჭოს (Construction Industry Training Board) მიერ, გასულ წელს ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ბრიტანეთის სამშენებლო კომპანიების მესამედმა უკვე იგრძნო ბრექსითის ეფექტი.

დამსაქმებელთა თითქმის ნახევარი შეშფოთებულია იმის გამო, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში დასაქმება გართულდება.

PMI-ის ბოლო კვლევის თანახმად, დაბალი მოთხოვნა გახდა სამშენებლო მოცულობის ზრდის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი, თუმცა ნესტიანი ამინდიც დასახელდა სამუშაოების შემაფერხებელ ფაქტორად.

independent.co.uk

მსგავსი სტატიები