55 წლამდე კაცი ტყიბულის შახტაში გარდაცვლილი იპოვეს

Construction News

55 წლამდე კაცი, რომელსაც გუშინ შუადღის შემდეგ ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. სპეციალისტების ვარაუდით,  მომხდარის მიზეზი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა გახდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობდნენ. სამუშაოებს გრუნტის მასების ჩამოშლის მაღალი საფრთხე და კარიერის ამორტიზებულობა აფერხებდა.

უწყების ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციაში დაუყოვნებლივ ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს (ბაზა) მაშველთა ჯგუფი.

შეგახსენებთ, რომ ტყიბულში, ქვა-ნახშირის კარიერში ერთ-ერთი მუშაკის შესვლის დროს მიწისა და ქვა-ნახშირის მასა ჩამოიშალა, რომელმაც 55 წლამდე კაცი ქვეშ მოიყოლა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი სტატიები