500 მილიონად ქობულეთში მულტიფუნქციური მწვანე ქალაქი აშენდება

Construction News

ქობულეთში ვიწყებთ უპრეცენდენტო მასშტაბის, ნახევარ მილიარდიანი პროექტის რეალიზაციას, რაც ყველაზე მასშტაბური ინვესტიციაა აჭარის ტურისტულ ინფრასტრუქტურაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ქობულეთში, მწვანე ქალაქისა და გოლფის მოედნის მშენებლობის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საუბარია ახალი მწვანე ქალაქის მშენებლობაზე, რომელიც საქართველოსთვის სავიზიტო ბარათი გახდება.

ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ მასშტაბურ ინვესტიციაზე, რომელიც აჭარის ოთხსეზონიან კურორტად გადაქცევას უზრუნველყოფს. ვსაუბრობთ ისეთ მასშტაბურ პროექტზე, რომელიც იქნება ნამდვილი მარგალიტი მთელი შავი ზღვის აუზში. რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ სწორედ საქართველო დაიმკვიდრებს ადგილს როგორც ლიდერი ქვეყანა ტურიზმში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ინვესტიციები იზრდება ევროკავშირის ქვეყნებიდან. მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან კიდევ უფრო მეტი ინვესტიციების მოზიდვის საშუალებას იძლევა.

ჩვენ ვსაუბრობთ FIFA-ს სტანდარტების საფეხბურთო მოედნებზე, საჩოგბურთო კორტებზე და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კარგ გოლფის ინფრასტრუქტურაზე. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ საქართველოში მოვიზიდოთ ის ტურისტები, რომლებიც დღეს ვერ განიხილავენ საქართველოს ტურისტულ ცენტრად იმის გამო, რომ ჩვენ არ გვაქვს ეს ინფრასტრუქტურა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ინვესტიციები იზრდება ევროკავშირის ქვეყნებიდან. მოგეხსენებათ, რომ ის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებობს, იძლევა საუკეთესო შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო მეტი ინვესტიციები მოვიზიდოთ ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, პროექტი აჭარაში დამატებით 500 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის და მცირე ბიზნესს შეუწყობს ხელს.

მულტიფუნქციური მწვანე ქალაქის მშენებლობა ქობულეთში 180 ჰექტარზე იგეგმება, რაშიც კომპანია „გრინ რეზორთი“ 500 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს. მშენებლობისას და ოპერირებისას დასაქმებული იქნება 500 ადამიანი. პროექტი გოლფის მოედნის, საფეხბურთო მოედნების, საჩოგბურთო კორტების, საცურაო აუზების, გასართობი და რეკრეაციული ზონების მოწყობას ითვალისწინებს. ამასთან, აშენდება 250-ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმრო, საკონფერენციო დარბაზებითა და დასასვენებელი ინფრასტრუქტურით, რომელსაც საერთაშორისო ბრენდი მართავს.

მსგავსი სტატიები