$500 მილიარდიანი ფუტურისტული მეგაპოლისის მშენებლობა შეჩერების საფრთხის წინაშეა

Construction News

საუდის არაბეთში, ფუტურისტული მეგა ქალაქი “ნეომის” მშენებლობა შეჩერების საფრთხის წინაშეა, რაც COVID-19-ის მიერ გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისსა და ნავთობის ფასების ვარდნას უკავშირდება.

ფუტურისტული ტექნოლოგიური ჰაბი “ნეომი” გეგმის მიხედვით 2025 წელს უნდა დასრულდეს. პროექტი გათვლილია 1 მილიონ მოსახლეზე, სადაც მაროკოს სტილის გრანდიოზული შენობები და ინოვაციური ტექნოლოგიებით გამართული ინფრასტრუქტურა ეწყობა – ხელოვნური მთვარე, ხელოვნური ღრუბლები (მეტი ნალექისთვის უდაბნოში), მფრინავი მანქანები, რობოტი დინოზავრები – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია…

ნავთობის ფასის ვარდნის გამო, საუდის არაბეთის მთავრობამ  მძიმე გადაწყვეტილებები მიიღო – ივნისის თვიდან ქვეყანაში საარსებო მინიმუმის გაცემა შეჩერდება, ხოლო ივლისის თვიდან დღგ-ს გადასახადი არსებული 5 პროცენტიდან 15%-მდე გაიზრდება.

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2020 წლის ივნისიდან შეჩერდეს საარსებო მინიმუმის გაცემა, ხოლო ივლისიდან დღგ-ს გადასახადი 5-დან 15%-მდე გაიზრდება,” – განაცხადა საუდის არაბეთის ფინანსთა მინისტრმა მოჰამედ ალ-ჯადაანმა. მან ასევე განმარტა, რომ ნავთობის ფასის ვარდნის გამო, აღნიშნული ზომების მიღება აუცილებელია.

ანალიტიკოსების ვარაუდით, აღნიშნული გადაწყვეტილება “ნეომ”-ის მშენებლობაზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს. მშენებელთა ნაწილი უკვე განახევრებული სამუშაო გრაფიკით მუშაობს. სამუშაოები არ ჩერდება, თუმცა შენელებული ტემპით მიმდინარეობს, რაც პროექტის მშენებლობის ვადას საგრძნობლად გაახარნგრძლივებს.

მაღალტექნოლოგიური, ფუტურისტული ქალაქის მშენებლობის იდეა პირველად 2017 წელს გაჟღერდა.  პროექტი მიზნად ისახავს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და სამუშაო ადგილების შექმნას. მისი მთავარი ამოცანაა, შემცირდეს ქვეყნის ეკონომიკური დამოკიდებულება ნავთობზე და გადააქციოს ქვეყანა, მსოფლიოს ტექნოლოგიურ ჰაბად.

მაღალტექნოლოგიური მეგაპოლისი “ნეომი” წითელი ზღვის სანაპიროზე შენდება და ჯამში 16 რაიონს გააერთიანებს. პროექტის მიხედვით ფუტურისტული მეგაპოლისი 33-ჯერ დიდი იქნება ნიუ-იორკზე. საუდის არაბეთის ოფიციალური პირები მას “მსოფლიოს ყველაზე ამბიციურ პროექტად” მოიხსენიებენ.

წინასწარი მონაცემებით, პროექტის ჯამური ღირებულება 500 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

მსგავსი სტატიები