2022 წლისთვის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები დასრულდება

Construction News

2022 წლის ჩათვლით, საქართველოში ყველა ძირითადი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველა რეგიონი ვითარდებოდეს თანაბრად. შესაბამისად, ინფრასტრუქტურა და სერვისებზე წვდომა ყველა რეგიონში იყოს მინიმუმ იმ ხარისხის და იმ დონის, როგორიც სხვა დიდ ქალაქებშია.

“ჩვენთვის და ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის რეგიონული განვითარება ყოველთვის გახლდათ განსაკუთრებული პრიორიტეტი და ეს ყველაზე კარგად აისახება ბიუჯეტის ციფრებში და პარამეტრებში. 2012 წელთან შედარებით, ჩვენ ფაქტობრივად, გავასამმაგეთ ბიუჯეტი ამ მიმართულებით, ხოლო შარშანდელთან შედარებით ჩვენ 20 პროცენტით გავზარდეთ 2019 წლის ბიუჯეტი ჩვენი რეგიონებისთვის, მათი ინფრასტრუქტური განვითარებისთვის და 2019 წელს ის შეადგენს დაახლოებით ორ მილიარდ ლარს.

ნებისმიერი დამატებითი ინვესტიცია რეგიონულ ინფრასტრუქტურაში ნიშნავს დამატებით სიცოცხლეს ჩვენი რეგიონებისთვის, ნიშნავს დამატებით შესაძლებლობებს ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი ამოცანა გახლავთ ინკლუზიური ზრდა, ისეთი ტიპის ზრდა, რომელიც შეეხება ჩვენს ყველა მოქალაქეს. ეს მიიღწევა მხოლოდ სწორი და თანაბარი რეგიონული განვითარებით”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურმა განათლების ინფრასტრუქტურასთან ერთად, სხვა ინფრასტრუქტურული პრიორიტეტებიც დაასახელა, როგორიც არის წყლისა და კანალიზაციის სისტემის მოწესრიგება, სხვადასხვა ქალაქისა თუ სოფლისთვის ახალი გზების მშენებლობა და ა.შ.

მისი განმარტებით, საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღო რამდენიმე დღის წინ, როდესაც ევროკომისიამ დაამტკიცა ახალი ტრანსევროპული სატრანსპორტო სისტემის განვითარების პროგრამები.

“ამ პროგრამებში საქართველოს აქვს ძალიან დიდი ადგილი და როლი. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება, მე მსურს კიდევ ერთხელ ყველას მივულოცო ეს წარმატება. ეს ნიშნავს იმას, რომ მომდევნო წლებში ჩვენ, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად შევძლებთ განვავითაროთ საქართველოში ჩვენი ინფრასტრუქტურა. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო კიდევ უფრო უკეთესად იქნება ინტეგრირებული ევროპულ სატრანსპორტო სისტემებთან”, – აღნიშნა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აქცენტები, რომელებიც ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით 2019 წლის ბიუჯეტშია ჩადებული, სრულად პასუხობს ეროვნულ ინტერესებსა და იმ გამოწვევებს, რომელიც ქართულ ეკონომიკაშია.

ინფრასტრუქტურული განვითარება საქართველოში, როგორც 2019 წელს, ისევე როგორც მომდევნო წლებში, იქნება ჩვენი აბსოლუტური პრიორიტეტი. ჩვენი ამოცანა გახლავთ ის, რომ ჩვენ 2022 წლის ჩათვლით შევძლოთ დავასრულოთ საქართველოში ყველა ძირითადი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი. რა თქმა უნდა, ისიც ძალიან კარგად გვესმის, რომ პროექტები თავისი საინჟინრო გადაწყვეტილებებით ხდება უფრო და უფრო რთული და კომპლექსური.

2018 წელი იყო წარმატებული და დარწმუნებული ვარ, 2019 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული საქართველოსთვის. ეს იქნება წელი, როდესაც ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარების ტემპები არის ძალიან მაღალი”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მსგავსი სტატიები