2019 წელს თბილისში დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები:
დიღმის ჭალებში პარკი მოეწყობა. პროექტის ღირებულება 11,620,192 ლარია და ის ორი წლის განმავლობაში განხორციელდება;
ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკის (კიკვიძის პარკი) სრული რეაბილიტაცია მოხდება. პროექტის განხორციელება 4,900,000 ლარი დაჯდება;
2019-2020 წლებში დიღომსა და ვარკეთილში ორი ახალი მულტიფუნქციური კომპლექსი აშენდება. თითოეული მათგანისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 12 მილიონი ლარი გამოიყოფა;
2019-2020 წლებში უნივერსიტეტის ქუჩისა და წყნეთის გზატკეცილის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი აშენდება. პროექტის ღირებულება დაახლოებით 20-30 მილიონი ლარია;
2019 წელს გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირზე მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდების რეაბილიტაცია იგეგმება. პროექტის განხორციელება 4 მილიონი ლარი დაჯდება. გარდა ამისა, ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს, რომელიც დაახლოებით 5 თვეში დასრულდება;
2019 წელს ჭავჭავაძის გამზირს, კანდელაკისა და ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. პროექტის ფარგლებში კანდელაკის ქუჩის რეაბილიტაცია 1,600,000 ლარი დაჯდება, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩა – 10,000,000 ლარი, ხოლო ჭავჭავაძის გამზირი – 13,000,000 ლარი;
2020 წელს თბილისში ფიროსმანის ქუჩისა და გუდიაშვილი-ფურცელაძის რეაბილიტაცია დასრულდება. ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტზე 50,000,000 ლარი დაიხარჯება, ხოლო გუდიაშვილი-ფურცელაძის რეაბილიტაციაზე 45,000,000 ლარია გათვალისწინებული;
წელს მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის მოწყობის სამუშაოებიც განხორციელდება, რომლის ღირებულება 18 მილიონი ლარია;
2019 წელს დაგეგმილია გმირთა მოედანზე არსებული მიწისქვეშა გზაგამტარის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება 3,800,000 ლარია;
2019 წელს სოფელ დიღომში წყალარინების ქსელის მოწყობის პირველი ეტაპის სამუშაოებიც შესრულდება, რომლის ღირებულება 3,000,000 ლარია;
2019 წელს ასევე, განხორციელდება მუხიანის აგარაკებზე წყალარინების ქსელის ეტაპობრივი მოწყობის სამუშაოები. პროექტის ღირებულება 1,900,000 ლარია;
2019 წელს სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარედ არსებული გვირაბის რეაბილიტაცია ჩატარდება, რომლის ბიუჯეტი 2 მილიონი ლარია;
კახეთის გზატკეცილის სრულ რეაბილიტაცია – აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე 45,000,000 ლარი დაიხარჯება, გარე განათების ქსელის მოწყობაზე 7,000,000 ლარი, ხოლო მწვანე სივრცეების მოწყობაზე 7,085,489 ლარი;
წელსვეა დაგეგმილი მონუმენტის – „ადამიანი და მზე“ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 3,553,970 ლარია;
გზაგამყოფი კუნძულების მოწესრიგების მიმართულებით, მიმდინარე წელს დედაქალაქის ბიუჯეტიდან 753,773 ლარი დაიხარჯება; იგეგმება ასევე, ვაშლიჯვრის გზაგამტარის მშენებლობა, რომლის ღირებულება 2,700,000 ლარია;
მშრალი ხიდისა და ზაარბრიუკენის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია მოხდება. პროექტის ღირებულება 9,900,000 ლარია;
გორგასალის ქუჩის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის გასწვრივ არსებული ტერიტორიის მოწესრიგებაზე, მიმდინარე წელს 110,000,000 ლარი დაიხარჯება.