2019 წელს ტურიზმის ინფრასტრუქტურისთვის 183 მლნ ლარია გამოყოფილი

Construction News

სამინისტროს საქმიანობაში ერთ-ერთი პრიორიტეტი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობაა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში “მინისტრის საათზე” საუბრისას განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, შარშან, ტურიზმის ინფრასტრუქტურისთვის 90 მილიონი ლარის 14 პროექტი განხორციელდა. მათ შორის დასრულდა გერგეტის სამებამდე მისასვლელი გზის მშენებლობა, კობი- გუდაურის 7.5 კმ საბაგირო გზა, ბატონის ციხის რეაბილიტაცია, ვიზიტორთა ცენტრების მშენებლობა ვარძიაში, ხერთვისში და ვანის ქვაბების მუზეუმთან. ასევე, გუდაურში საბაგიროსთან ერთად, გასულ წელს მოეწყო წყლის ხელოვნური რეზერვუარი (100,000მ3), რომელიც ზამთარში კურორტზე სათხილამურო ტრასების გათოვლიანებისთვის არის მნიშვნელოვანი.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს ტურიზმის ინფრასტრუქტურისთვის 138 მლნ ლარია გამოყოფილი.

“მიმდინარე წელს ქვემო ქართლში, სოფელ ასურეთში დასრულდება შვაბების ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც მოიცავს XIX საუკუნის გერმანული ეკლესიის, საცხოვრებელი სახლებისა და სასაფლაოს აღდგენას. ზუგდიდში დასრულდება ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტი, მესტიაში – ლეო ფილფანის სახელობის თეატრის რეაბილიტაცია. მიმდინარე წელს ასევე დასრულდება ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა და მცხეთაში, ძველი კინოთეატრის შენობის არქეოლოგიურ მუზეუმად ადაპტაციის პროექტი.

დაწყებულია აბასთუმნის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება, რომლის თანახმადაც მოხდება და უკვე ნაწილობრივ დაწყებულია აბასთუმნის კურორტის განვითარება, რაც გულისხმობს მე-19, მე-20 საუკუნის ისტორიული სახლებისა და ნაციონალური ობსერვატორიის სრულ რეაბილიტაციას, 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის აღდგენას, ბიბლიოთეკის რეაბილიტაციას, ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრის და სხვა დამხმარე ტურიზმის ინფრასტრუქტურის განთავსებას.

ქალაქების ურბანული განახლების პროექტებთან ერთად, დაგეგმილია გადასახედების/ბელვედერების მოწყობის პროექტებიც, რაც წინასწარ შერჩეულ ლოკაციებზე გადასახედებისა და მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს. უკვე შერჩეულია 5 კონკრეტული ადგილი კახეთის რეგიონში და დაგეგმილია კიდევ 10-მდე ლოკაციაზე იგივე ტიპის პროექტის განხორციელება. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტში ჩართულები იქნებიან ახალგაზრდა ქართველი არქიტექტორები, რომლებიც კონკურსის პრინციპით გადასახედის კონცეფციაზე იმუშავებენ, ხოლო გამარჯვებული კანდიდატის კონცეფციას, ჩვენ რეალურ პროექტად ვაქცევთ”, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერი არსებული სიტუაციიდან და პრობლემატიკიდან გამომდინარე, ყურადღებას ამახვილებს კურორტ ბაკურიანზე.

“2018 წელს ჩვენ დავამტკიცეთ დაბა ბაკურიანისა და დიდი მიტარბის მიწთსარგებლობითი გენ-გეგმები. ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით გვაქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ უნდა წარიმართოს ბაკურიანის კურორტის შემდგომი განვითარება და როგორ უნდა ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რის წინაშეც დღეს ვართ ბაკურიანში“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე ცნობით, უკვე დაწყებულია და წელს დასრულდება ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ბაკურიანში ტრანზიტულ მოძრაობას და შედეგად შემცირდება დღეს არსებული საცობები. დაწყებულია მიტარბის საბაგირომდე მისასვლელი გზის მშენებლობა და დიდველზე არსებული პარკინგის გაფართოება და კეთილმოწყობა. 2019 წელს ბაკურიანის ურბანული განახლების პროექტის ფარგლებში მომზადდება კურორტზე სატრანსპორტო მოძრაობის გეგმა და შედეგად დარეგულირდება თუ სად, როდის და რა ტიპის ტრანსპორტით იქნება გადაადგილება შესაძლებელი კურორტის ზონაში.

მსგავსი სტატიები