2019 წელს სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე 160 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება

Construction News

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 2019 წელს სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე 160 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატების დასმული შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა.

„არსებული საჭიროებების გათვალისწინებით, 29 ახალი სკოლა არის ჯერ სიაში, აქედან რამდენიმეზე გამოცხადდა უკვე ტენდერი, თუმცა განათლების სამინისტროსთან ვმუშაობთ, რომ დამატებით ასაშენებელი სკოლების სიაც მივიღოთ,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, მომავალში, ამ მიმართულებით, პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, აქტიური კომუნიკაცია იგეგმება მუნიციპალიტეტებთან.

„როდესაც სკოლების კაპიტალურ რეაბილიტაციაზე ვსაუბრობთ, რაც ლამის ახალი სკოლის მშენებლობის ტოლფასია, დღის წესრიგში დგება ბავშვების გადაყვანის საკითხი და ეს კიდევ უფრო აქტიურად იჩენს თავს თბილისში, სადაც ბევრი ალტერნატივა, სამწუხაროდ, არ გვაქვს. ამიტომ, განათლების სამინისტროსთან, დონორებთან, ყველა მხარესთან ერთად ვმუშაობთ ინტენსიურად, რათა ეს პროცესი ისე წარიმართოს, რომ არავინ და არაფერი დაზარალდეს”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, სკოლები ყველა რეგიონში აშენდება და საჭიროებიდან გამომდინარე იქნება როგორც მცირე, ისე დიდკონტიგენტიანი. 2020 წლისთვის, ჯამურად, 3,000-მდე მოსწავლე შეძლებს, ახალ სკოლებში გააგრძელოს სწავლა.

წელს სკოლების რეაბილიტაციისთვის 100 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო მშენებლობისთვის 60 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. ასევე, დაწყებულია კასპის ტექნოპარკის მშენებლობა, მარტში კი დაიწყება გურჯაანის ტექნოპარკის სამშენებლო სამუშაოები.

მსგავსი სტატიები