2019 წელს საქართველოში დაცული ტერიტორიების ფართობი 19,000 ჰექტრით გაიზრდება

Construction News

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2019 წელს საქართველოში დაცული ტერიტორიების ფართობი 19,000 ჰა-ით გაიზრდება.

მისივე თქმით, პირველად, საქართველოს დაცული ტერიტორიები UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნომინაციაზეა წარდგენილი.

„მნიშვნელოვანია, დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარება და მისი პოპულარიზაცია, ამისთვის 2019 წელს სამინისტრო მნიშვნელოვან პროექტებს განახორციელებს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მაღალჩინოსნის ინფორმაციით, 2018 წელს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 16%-ით, ხოლო სერვისებიდან მიღებული შემოსავლების რაოდენობა – 87%-ით გაიზარდა. შემოსავლები მოხმარდება საკონსერვაციო საქმიანობას და ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. განხორციელდება რიყის პარკში დაცული ტერიტორიების საგანმანათლებლო და საინფორმაციო ცენტრის შენობის პროექტირება.

2019 წელს ვიზიტორებისთვის გაიხსნება ოკაცეს ჩანჩქერის ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც რეგიონში ტურისტების რაოდენობას გაზრდის.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მხოლოდ 5 დაცული ტერიტორიის ეფექტმა საქართველოს ეკონომიკაში 87,000,000 ლარი შეადგინა.

მსგავსი სტატიები