2016 წლის აგვისტოდან მიწა 600 ათასზე მეტმა ადამიანმა დაიკანონა

2016 წლის პირველი აგვისტოდან დღემდე მიწა 600 ათასზე მეტმა ადამიანმა დაიკანონა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მიწის რეგისტრაციის შუალედური შედეგების პრეზენტაციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, მიწის რეგისტრაციის რეფორმის მიზანია, ქვეყანაში არ დარჩეს აღურიცხავი მიწები, ასევე დაცული იყოს მესაკუთრის უფლებები.

“მიწების რეგისტრაცია 2016 წლის 1-ლი აგვისტოდან დაიწყო და დღემდე 600 ათასზე მეტმა მოქალაქემ დაიკანონა მიწა. დღეის მდგომარეობით, ფაქტობრივად, აღმოფხვრილია ყველას ის სირთულე, რომელიც დაკავშირებული იყო მიწის რეგისტრაციის პროცესთან. გამარტივებულია პროცედურები, მოხსნილია ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წახალისებულია მიწის რეგისტრაციის პროცედურა”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, აქტიურად ისარგებლონ მიწის რეგისტრაციის გამარტივებული პროცედურებით.

“2016 წლის 1-ლი აგვისტოდან 2019 წლის თებერვლამდე გამარტივებული პროცედურებით 700,000-ზე მეტი განაცხადი წარმატებით დარეგისტრირდა, ჯამურად კი, რეფორმის ფარგლებში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ფართობი 300,000 ჰექტარზე მეტს შეადგენს”, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი კეთდება თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.

“მინდა ყველას შევახსენო, რომ 2017 წელს საქართველო იყო პირველი, ვინც დავიწყეთ რევოლუციური – ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დანერგვა სახელმწიფო სექტორში და კერძოდ, სახელმწიფო სერვისებში. მიწის რეგისტრაციის რეფორმა კი გახლდათ ის საპილოტე პროექტი, რომელშიც გადავწყვიტეთ ბლოკჩეინის გამოყენება. ეს გახლავთ კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება ჩვენს რეფორმებში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბლოკჩეინი ნიშნავს იმას, რომ მონაცემები, რომელიც შენახულია ამ სისტემაში, მისი წაშლა, შეცვლა, გადაწერა ან ამ მონაცემების
უკანონო გამოყენება თითქმის შეუძლებელია და ეს მონაცემების დაცვის სტანდარტს უმაღლეს ნიშნულზე აყენებს. სწორედ მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენებით ჩვენ უნდა შევძლოთ და მოვახდინოთ საქართველოში ციფრული ტრანსფორმაცია. ჩემი მიდგომა და ჩემი მოწოდება თითოეული სამინისტროს მიმართ გახლავთ ის, რომ რეფორმებში, რომელიც 2019 წელს დაინერგება საქართველოში, გამოყენებული იქნას მსგავსი ტექნოლოგიები”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

 

მსგავსი სტატიები