112-ში ღამის განმავლობაში 60-ზე მეტი ზარი შევიდა

Construction News

თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო, “გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში” მთელი ღამის განმავლობაში 60-ზე მეტი შეტყობინება შევიდა. შეტყობინებების უმრავლესობა საცხოვრებელი სახლების და შენობების პირველი სართულების დატბორვას ეხებოდა.

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ახლაც გრძელდება ამოტუმბვის სამუშაოები.

შეტყობინებები, ასევე, შევიდა რამდენიმე ხის წაქცევასთან დაკავშირებით. ასევე, რამდენიმე მისამართზე დაფიქსირდა მიწის ჩამოშლა. ადგილზე მობილიზებულები არიან სამაშველო და მერიის შესაბამისი სამსახურები. შედეგად არავინ დაშავებულა.

ძლიერი წვიმის გამო, ყველაზე მეტი გამოძახება ვაკე-საბურთალოს, გლდანი-ნაძალადევის და ისანი-სამგორის რაიონებში დაფიქსირდა.

ასევე, მიმდინარეობს თბილისის მდინარეების: ვერე, დიღმის წყალი, გლდანის ხევი, ლეღვთა ხევი, კრწანისის ხევი, ორხევი, ვარაზის ხევი, ხევძმარის წყლის დონის მონიტორინგი. სიტუაცია თბილისის მდინარეებზე სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ასევე ძლიერი წვიმის გამო, მიწის დამჭერი კედელი ჩამოიშალა ვაშლიჯვარში, რამაც დააზიანა საცხოვრებელი სახლის ნაწილი, შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივი მცხოვრებლები ინციდენტის მიზეზად, მიმდებარე ტერიტორიაზე ახალ აშენებულ კორპუსს ასახელებენ, სადაც მათი თქმით სანიაღვრე სისტემა არ არის გამართული.

მსგავსი სტატიები