ბუნებრივი საფრთხეების რისკების შესასწავლად იტალიამ საქართველოს €2 მილიონი გამოუყო

Construction News

ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე დაკვირვების ახალი სადგურების შეძენისა და თბილისის ბუნებრივი საფრთხეების რისკების დეტალური შესწავლის მიზნით, იტალიის მთავრობამ საქართველოს 2 მილიონი ევრო გამოუყო.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში ვიზიტად მყოფ იტალიელ ექსპერტთა ჯგუფს შეხვდა.

უწყების ცნობით, ვიზიტის მიზანია იტალიის რესპუბლიკის გარემოს, ხმელეთისა და ზღვის სამინისტროსა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ქართული მხრისთვის გარემოს დაცვის სფეროში ფინანსური დახმარება.

ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი სადგურების შეძენა და ატმოსფერული ჰაერის მოდელირებისა დაპროგნოზირების სისტემის დანერგვა იტალიის გამოცდილების გაზიარებით, ასევე თბილისის ტერიტორიის ფარგლებში მდინარე მტკვრისა და მისი შენაკადების აუზებში ჰიდროლოგიური და გეოლოგიური კვლევების განხორციელება.

“მონიტორინგის გაძლიერების ფარგლებში იგეგმება 5 ახალი თანამედროვე, ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი ჰაერის მონიტორინგის სადგურის შეძენა და ინსტალირება, რაც ხელს შეუწყობს გარემოს ეროვნულ სააგენტოს მონიტორინგის ქსელის გაფართოებას, ხოლო მოდელირების საშუალებით შესაძლებელი იქნება სხვადასხვა არეალებში ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შეფასება. ასევე მოხდება საველე კვლევების საფუძველზე მიღებული ინფორმაციის დამუშავება და საკვლევ ტერიტორიაზე არსებული ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური საფრთხეების შეფასება”, – ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სტატიები