„ჯორჯიან მანგანეზი“ – მაღაროელების მოთხოვნა ხელფასის 50-პროცენტიან მატებაზე არაადეკვატურია

Construction News

შპს „ჯორჯიან მანგანეზი” გაფიცულ მაღაროელებს მოუწოდებს, დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს და არ აყვნენ დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფის პროვოკაციებს. ამის შესახებ „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებაშია ნათქვამი.

„კომპანია კვლავ მიიჩნევს, რომ მაღაროელების ქმედება არაკანონიერია და სამართლებრივ ჩარჩოებს სცდება, თუმცა, სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ხელმძღვანელობამ დასაქმებულებს ხელფასის 25-პროცენტიანი მატება, შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ დაგეგმილი რეორგანიზაციის ხარჯზე, მაინც შესთავაზა. მიუხედავად ამისა, დასაქმებულებმა აღნიშნულ წინადადებაზე კატეგორიული უარი განაცხადეს და უკანონო გაფიცვა გააგრძელეს“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ მიიჩნევენ, რომ მაღაროელების მხრიდან ხელფასის 50-პროცენტიანი მატების მოთხოვნა არაადეკვატური და რეალობასთან შეუსაბამოა.

კომპანიის განცხადებით, დღევანდელი გაფიცვით დასაქმებულებმა არამხოლოდ კოლექტიური ხელშეკრულების აღნიშნული პირობა დაარღვიეს, არამედ უგულებელყვეს გაფიცვის უფლების კანონიერად გამოყენების შესახებ დადგენილი ყველა ნორმა.

შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში მაღაროელებმა გაფიცვა 16 მაისს დაიწყეს.

მსგავსი სტატიები