„ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა

Construction News

თბილისში, ვარკეთილის მესამე მასივში ავარიული კორპუსების – ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტის განსახორციელებლად, დედაქალაქის მერია ინტერესთა გამოხატვას კიდევ ერთხელ აცხადებს.

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე იმედი გამოთქვა, რომ პროექტის მიმართ ინტერესი დიდი იქნება და თბილისში ავარიული კორპუსების ჩანაცვლება ეტაპობრივად დაიწყება.

„ვარკეთილში, მესამე მასივში მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ სამ ჰექტარ ტერიტორიაზე ახალი უბნის განაშენიანებას ვგეგმავთ, რომელზეც ინტერესთა გამოხატვას ვაცხადებთ. პროექტის ფარგლებში, ვარკეთილში ავარიული „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლება უნდა მოხდეს. რამდენიმე ხნის წინ გამოცხადებული კი გვქონდა ინტერესთა გამოხატვა, თუმცა უშედეგოდ დასრულდა. ამის შემდეგ გვქონდა შეხვედრა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, დეველოპერებთან, მშენებლებთან და წინადადებაში გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ. ეს არის საპილოტე პროექტი და მგონია, რომ წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ავარიული შენობების ჩანაცვლებას ეტაპობრივად დავიწყებთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, კონკრეტული პროექტისა და ინტერესთა გამოხატვის შესახებ დეტალური ინფორმაცია მერიის ვებგვერდზე განთავსდება.

„სამ ჰექტარ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს დაახლოებით, 75,000 კვადრატული მეტრის ფართი. შემოსათავაზებელი ფართები მინიმუმ 7,500 კვადრატული მეტრია. გამარჯვებული იქნება ის, ვინც უფრო მეტ ფართს შემოგვთავაზებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი სტატიები