ხაშურში 3 მილიონამდე ღირებულების სპორტული კომპლექსი აშენდა

Construction News

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი ხაშურში სპორტული კომპლექსის გახსნას დაესწრო.

მრავალფუნქციური დაწესებულება 1,500-ზე მეტ სპორტსმენს მოემსახურება. შენობაში განთავსებულია საკალათბურთო, ასევე ფუთზალის, საჭიდაო, ძალოსნობის და ფიტნეს დარბაზები. დასრულებულია მცირე საკონფერენციო დარბაზისა და კაფე-სასადილოს მოწყობაც. შენობაში იფუნქციონირებს 40 ადამიანზე გათვლილი სასტუმრო. სპორტული კომპლექსი ადაპტირებულია შშმ პირებზე.

“სპორტული კომპლექსი დაახლოებით 3 მილიონი ლარი დაჯდა, აქედან 2,2 მლნ ლარი დაიხარჯა შენობაზე და ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, დანარჩენი 700 ათასი ლარით მოეწყო სტადიონი, კორტები, კეთილმოეწყო
ეზო. აქ განთავსებულია, ასევე მძლეოსნობის სექცია, ჭადრაკის ოთახი, სატრენაჟორო დარბაზი. კომპლექსი აბსოლუტურად აკმაყოფილებს თანამედროვე, მაღალ სტანდარტებს“, – განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.

სპორტკომპლექსის ეზოში განთავსებულია მინი სტადიონი, საჩოგბურთო მოედანი, ავტოსადგომი, მოეწყო რეკრეაციული ზონა.

სპორტული კომპლექსის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტისა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრებით განხორციელდა. პროექტის ღირებულებამ 2,292,455 ლარი შეადგინა. ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოებზე კი 700,000 ლარი დაიხარჯა.

მსგავსი სტატიები