ჭკვიანი კედლის მშენებელი კომპანია აშშ-ის სამეცნიერო ფონდმა დააჯილდოვა

Modern Roofing

ამერიკულმა სამშენებლო კომპანია “Smart Walls Construction”-მა ამერიკის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო მიიღო. მცირე ბიზნესის მწარმოებლებს პრიზად 750,000 აშშ დოლარი ერგოთ.

მაშინ, როცა წყალდიდობა მსოფლიოს კატაკლიზმებს შორის ერთ-ერთ მასშტაბურ და საშიშ სტიქიად ითვლება, სამშენებლო სექტორისთვის თავდაცვის ახალი და იაფი სისტემების შემუშავება კვლავ აქტუალურია.

აშშ-ში შემუშავებული ჭკვიანი კედელი რკინაბეტონის კონსტრუქციაა, რომლის აშენება ინოვაციური გადაწყვეტაა წყალდიდობასთან საბრძოლველად. ჭკვიანი კედელი ნებისმიერ ლანდშაფტს ერგება და მხოლოდ მაშინ აქტიურდება, როცა წყალდიდობის რისკი ჩნდება, მანამდე ის შენობის გარშემოა ჩაკეცილი. ამ მიდგომის საშუალებით მშვიდ დღეებში შენობების ფასადი სტანდარტულია, ხოლო მაშინ, როცა წყალდიდობის რისკი ჩნდება, კედლები ფასადს ეფარებიან და იცავენ მას.  

ტელესკოპური ტექნოლოგიით შენობის ირგვლივ განთავსებული კედლები დამატებით სამშენებლო სამუშაოებსა და გათხრებს არ საჭიროებენ. საგანგებო მდგომარეობის დროს ისინი როგორც მექანიკურად, ისე ავტომატურად აქტიურდებიან. 

კედლებმა ტესტირების ორი ეტაპი გაიარეს. პირველ ეტაპზე კედლები შემოწმდა როგორც წყლის დონის ნელა მატების დროს, ასევე შტორმისა და ცუნამის ტალღებზე. შემოწმების მეორე ეტაპზე ყურადღება გამახვილდა ისეთ ტექნიკურ საკითხებზე, როგორიცაა კედლის სიმაღლე, ნიადაგის ტიპი, კატასტროფის სიმძლავრე და სხვა.

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ქვეყნები მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად 50 მილიარდ აშშ დოლარს ხარჯავენ სტიქიური უბედურების შედეგად მიყენებული ზარალის შემცირებაზე.

მხოლოდ აშშ-ში წყალდიდობა ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ და საზიანო ბუნებრივ კატასტროფად ითვლება. ყოველ 6 თვეში ქვეყანას ზარალის ანაზღაურება 7.9 მილიარდი დოლარი უჯდება, ფატალური შემთხვევების რაოდენობა 2018 წლის მონაცემებით კი წელიწადში 82-ია.

აშშ-ის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მიიჩნევენ, რომ გარდა საცხოვრებელი სახლებისა, ჭკვიანი კედლები განსაკუთრებით სასარგებლო იქნება საავადმყოფოების, სავაჭრო ცენტრებისა და აეროპორტებისთვის.

მსგავსი სტატიები