ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება

Construction News

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი მერვე დღეა გრძელდება. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაცია გაფიცულთა მიმართ დამოკიდებულებას არ შეცვლის და მოთხოვნებს არ გაიზიარებს, მაღაროელები პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ და პირს ამოიკერავენ.

პროტესტის მონაწილეებმა საწარმოდან მადნის გატანაც შეაფერხეს და იმ პერიმეტრსაც აკონტროლებენ, საიდანაც მაღაროდან მადანი გაჰქონდათ. მაღაროელების ინფორმაციით, ადმინისტრაციამ უცხოელი მაღაროელები ჩამოიყვანა და მათი მეშვეობით აღადგინა ქარხნის მუშაობა.

ამ დრომდე, მაღაროელებსა და ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკებამ შედეგი ვერ გამოიღო. კომპანია მხოლოდ ნაწილობრივ დათმობაზე წავიდა. მთავრობის ჩარევის შემდეგ მათ ხელფასების 15%-იანი ზრდა შესთავაზეს, რის შემდეგაც რეორგანიზაცია განხორციელდება, რეორგანიზაციის შემდეგ კი დარჩენილ თანამშრომლებს თანხას კიდევ 10%-ით გაუზრდიან. ეს პრინციპი მაღაროელებისთვის მიუღებელია. როგორც ისინი აცხადებენ, მათ კანონის ძალითაც ემუქრებიან, რომ მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.

შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში, მაღაროელები 16 მაისს გაიფიცნენ. მათი ძირითადი მოთხოვნები შემდეგია: ხელფასების გაზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება. ამ დროისთვის, კარვებში 15 მაღაროელი შიმშილობს, 3,000 მაღაროელი კი პროტესტს აცხადებს. გაფიცულები, ამ დრომდე კარვებში რჩებიან. მათ სოლიდარობას ადგილობრივი მოსახლეობაც უცხადებს.

მსგავსი სტატიები