ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს

Construction News

ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

პირველი ეტაპის სამუშაოები მოიცავს დაზიანებული მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა-რეაბილიტაციას, რაც გულისხმობს წყალარინების, სანიაღვრე და წყალმომარაგების სისტემის გამართვას. ამასთან, ელექტროსადენები, რომლებიც ჰაერშია გაბმული, მიწის ქვემოთ ჩავა. წყლისა და წყალარინების ქსელების შეცვლას მთლიანად უზრუნველყოფს შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP), რისთვისაც 3-თვიანი ვადაა განსაზღვრული.

მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დაიწყება. სარეაბილიტაციო არეალში, რომელიც 2.5 კილომეტრს მოიცავს, შეიცვლება სანიაღვრე ქსელი, 60,000 მ2 ფართობზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ახალი ბორდიურები, ხოლო ტროტუარი მოპირკეთება ბუნებრივი ქვის ფილებით.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, გამზირი სრულად ადაპტირდება შშმ პირთათვის; გარე განათების ქსელი სრულად შეიცვლება და დამონტაჟდება ახალი თანამედროვე სტანდარტების და დიზაინის LED განათების სისტემა; დამონტაჟდება სახანძრო ჰიდრანტები, ხოლო ტროტუარებზე განთავსდება თანამედროვე დიზაინის მოსასვენებელი სკამები. რაც შეეხება ნაგავშემკრებ კონტეინერებს, ისინი პირველად განთავსდება მიწისქვეშ.

პროექტისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 15 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

პროექტის მიმდინარეობას თბილისის მერი გაეცნო და კმაყოფილება გამოთქვა, რომ პირველი ეტაპის სამუშაოები გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს.

მსგავსი სტატიები