ჭავჭავაძის გამზირზე მიწის ქვეშ არსებული ქსელი დაზიანებულია

Construction News

თბილისის მერიამ ილია ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოების საწყის პროცესს ადგილზე გაეცნო დედაქალაქის მერი კახა კალაძე.

თბილისის მერის განცხადებით, პირველი ეტაპის სამუშაოები მოიცავს დაზიანებული მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა-რეაბილიტაციას. მისივე თქმით, მიწისქვეშა ქსელის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, პირველი ეტაპის სამუშაოები უცხოელი ექსპერტების უშუალო ზედამხედველობის ქვეშ ჩატარდება.

დღეს ჩვენ ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებული პირველი ეტაპის სამუშაოები დავიწყეთ, რაც წყალარინების, სანიაღვრე და წყალმომარაგების სისტემის გამართვას გულისხმობს. ამასთან, ელექტროსადენები, რომლებიც ჰაერშია გადმოკიდებული, ჩავა მიწის ქვემოთ. პირველი ეტაპის სამუშაოები 3 თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ რეალურად არავინ იცის მიწის ქვეშ არსებული ქსელის მდგომარეობა. ერთი, რაც ვიცით, არის ის, რომ ძალიან დაზიანებულია, რადგან გზა გარკვეულ მონაკვეთებზე ვარდება და მიწა ირეცხება. ეს არ ხდება მხოლოდ ჭავჭავაძის გამზირზე, იგივე მდგომარეობა გვაქვს მელიქიშვილზეც, სადაც ადრე ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე მიწა მთლიანად ჩავარდა. იგივე საშიშროება აქვს ჭავჭავაძის გამზირს. როგორც გვეუბნებიან, მილები, რომლებიც უნდა გამოიცვალოს, განთავსებულია 8 მეტრის სიღრმეზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სარეაბილიტაციო არეალში, რომელიც 2.5 კილომეტრს მოიცავს, შეიცვლება სანიაღვრე ქსელი, 60,000 მეტრ კვადრატის  ფართობზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ახალი ბორდიურები, ხოლო ტროტუარი მოპირკეთდება ბუნებრივი ქვის ფილებით. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, გამზირი სრულად ადაპტირდება შშმ პირთათვის.

პროექტისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 15 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

მსგავსი სტატიები