“წითელი ბაღი” დღეს საზეიმოდ გაიხსნება

Construction News

ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკი, ე.წ. “წითელი ბაღი” დღეს საზეიმოდ გაიხსნება, – ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

თბილისის მერი მოსახლეობას მოუწოდებს, პარკის გახსნის საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღონ.

ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკის რეაბილიტაცია რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ და სამუშაოები უკვე დასრულებულია. გუშინ პირადად ვიმყოფებოდი ადგილზე და რეაბილიტირებული პარკი დავათვალიერე. გულწრფელად გეტყვით, ემოციებს ვერ ვმალავ, ისეთი ლამაზი გამოვიდა. პროექტის ფარგლებში, ბავშვებისთვის ორი საბავშვო მოედანი მოეწყო, ძაღლებისთვის გამოყოფილია კონკრეტული ადგილები. ასევე, არის სასეირნო და სარბენი ბილიკები. ყოველ საღამოს, რა დროსაც არ უნდა მიხვიდეთ, პარკი სავსეა სხვადასხვა ასაკის ადამიანებით – სეირნობენ, დარბიან ან ბავშვებს ასეირნებენ. ეს გარემო, სიტუაცია მართლაც ულამაზესია. ასეთი თბილისი, ასეთი საქართველო გვინდა ჩვენ, რომელიც ყველანაირად მოწესრიგებული და გამართული იქნება თავისი ინფრასტრუქტურით. მჯერა, რომ ჩვენი შრომით, ძალისხმევით ამას მივაღწევთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აღნიშნული პარკი საზეიმოდ დღეს, 20:00 საათზე გაიხსნება. ასევე, გაიმართება სტეფანე მღებრიშვილის კონცერტი. ამასთან, ღონისძიების სპეციალური სტუმარი ნანი ბრეგვაძე იქნება.

გოძიაშვილის სახელობის პარკის კეთილმოწყობის სამუშაოების საერთო ღირებულებამ  დაახლოებით 2,5 მილიონი ლარი შეადგინა.

მსგავსი სტატიები