„ცენტრ პოინტისა“ და „M²“-ის მოლაპარაკება ჩაიშალა

Construction News

„ცენტრ პოინტსა“ და „M²“-ს შორის 8 თვის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკება ჩაიშალა. საქმე ეხება მოლაპარაკებას, რომელიც „M²“-ის მიერ „ცენტრ პოინტის“  დაუსრულებელი მშენებლობების დამთავრებას ითვალისწინებდა.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, კომპანია „M²“-ის მიერ შეთავაზებული პირობები თბილისის მერიისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ახლა ორ ალტერნატიულ წინადადებაზე მუშაობენ.

„M²“-მა მოითხოვა დღგ-თან დაკავშირებით დიდი შეღავათები, რაც 2008 წლამდე მშენებლობებსაც ეხებოდა. ამის შედეგად, როგორც ჩანს, სახელმწიფო კარგავდა დიდ თანხას და როგორც ჩვენ აგვიხსნეს, ეს იყო „M²“-თან მოლაპარაკების ჩაშლის მიზეზი. კახა კალაძე დაგვპირდა, რომ სახელმწიფო ჩაერთვება, როგორც მაკონტროლებელი ორგანო“, – აცხადებს „ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთი დაზარალებული.

გარიგების ჩაშლას ადასტურებს „ცენტრ პოინტის“ დირექტორი, გუკა რჩეულიშვილიც და აცხადებს, რომ მოლაპარაკების ჩაშლის მიუხედავად, დაზარალებულების დაკმაყოფილების 2 გზა არსებობს: ერთი თბილისის მერიის, მეორე კი „ცენტრ პოინტის“ მიერ არის შედგენილი.

„ერთ-ერთი წინაპირობა იყო, რომ ობიექტები, რომლებიც ჩვენი დასასრულებელია, განთავისუფლებულიყო გადასახადებისგან 2023 წლამდე“, – აცხადებს „ქრონიკასთან“ საუბარში რჩეულიშვილი.

დედაქალაქის მთავრობაში ალტერნატიული გეგმის დეტალებზე არ საუბრობენ. ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად მომზადებულ ახალ პროექტში თბილისის მერიის როლი დიდია.

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ”ცენტრ პოინტის” დამფუძნებლები მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში დამნაშავედ ცნო და 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

მსგავსი სტატიები