ჩინეთის აღმოსავლეთით, ქალაქ ციანზუში ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 47 ადამიანი დაიღუპა, 640 კი დაშავდა, მათ შორის 32-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, 58-ის კი მძიმე.
dailymail.co.uk-ის ინფორმაციით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ შემთხვევის მიმდებარე რაიონებიდან 4,000 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. რაიონში ბაღები და სკოლები დახურულია.
აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ 6 კილომეტრის რადიუსში აფეთქების ტალღამ შენობები დააზიანა, ჩინეთის სეისმოლოგიურმა სამსახურმა კი, ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე 2.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეკვივალენტური ბიძგები დააფიქსირა.
ქარხანაში აფეთქება წუხელ მოხდა. გაჩენილ ცეცხლს 930 მეხანძრე-მაშველი ებრძოდა, რომლებმაც ხანძრის ჩაქრობა მხოლოდ დილით მოახერხეს. სამაშველო ოპერაცია კვლავ გრძელდება.
აფეთქების გამომწვევი მიზეზი უცნობია.
ქარხანა ძირითადად ქიმიურ ნედლეულსა და ქიმიკატებს აწარმოებდა. მასში 195 ადამიანი იყო დასაქმებული.




