შვეიცარიაში ხელისუფლებას გარეული ცხოველებისთვის ხიდებისა და გვირაბების მშენებლობისკენ მოუწოდებენ

Construction News

შვეიცარიაში გარემოს დამცველები ხელისუფლებას გარეული ცხოველებისთვის სპეციალური ხიდებისა და გვირაბების მშენებლობისკენ, შესაბამისად საკითხის დროულად მოგვარებისკენ მოუწოდებენ.

ორგანიზაცია Pro Natura-ს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ყოველწლიურად ქვეყანაში 20 ათასი დიდი ძუძუმწოვარი კვდება, მათ შორის ირმები, მელიები, გარეული ღორები, კურდღლები. გარდა ამისა, ავარიების შედეგად იღუპებიან ფაუნის მცირე ზომის წარმომადგენლებიც, რომელთა სტატისტიკა არ ითვლება.

გარემოს დამცველების განმარტებით, სპეციალური გადასასვლელები იქ უნდა მოეწყოს, სადაც ცხოველთა ჰაბიტატებს საგზაო თუ სარკინიგზო ხაზები კვეთს.

ორგანიზაციის მიერ ბერნში გამართულ კონფერენციაზე გაჟღერებული ინფორმაციის მიხედვით, ამჟამად ქვეყანაში გარეული ცხოველებისთვის მოწყობილია 30 მიწისქვეშა გადასასვლელი, 2 გვირაბი შენდება, ხოლო 16 გვირაბი პროექტირების ეტაპზეა. თუმცა, როგორც Pro Natura-ს წარმომადგენლები აცხადებენ, ეს საკმარისი არ არის.

ორგანიზაციის ექსპერტმა, სარა ვერლიმ ხელისუფლებას პრობლემის გადასაწყვეტად ახალი ტექნოლოგიის გამოყენება ურჩია. კერძოდ, საუბარია ხიდებისა და გვირაბების ხის მასალებით მშენებლობაზე, რადგან ბეტონთან შედარებით ხის მასალა ბევრად იაფია.

მსგავსი სტატიები