შენობის ენერგოეფექტურობის ამერიკული სერტიფიკატი LEED Zero პირველად გაიცა

Construction News

აშშ-ში შემუშავებული ენერგოეფექტური სისტემის სერტიფიკატი LEED Zero შენობებისთვის პირველად გაიცა. სერტიფიკატის მფლობელი ბრაზილიური საინჟინრო და საკონსულტაციო ფირმა “Petinelli” გახდა.

Building Green-ის ინფორმაციით, ფირმის სათავო ოფისის შენობას LEED Zero სტატუსი აშშ-ის მწვანე მშენებლობის საკონსულომ (USGBC) მიანიჭა.

2-სართულიანი შენობა, რომლის ფართობიც 440 კვადრატული მეტრია, ბრაზილიის ქალაქ კურიტიბაში 1980 წელს ააშენეს. შენობაში 1 წელზე მეტია, რაც ენერგოეფექტური სისტემა დანერგეს.

ნაგებობის სახურავზე დამონტაჟებული მზის ენერგიის პანელები 25%-ით უფრო მეტ ენერგიას აწარმოებს, ვიდრე 25 თანამშრომლისგან შემდგარი საოფისე სივრცისთვის არის საჭირო. გარდა ამისა, ოფისში წყლის ენერგიის მოხმარებაც ეკოლოგიურად სუფთა მეთოდებით ხდება. ფილტრაციის სპეციალური სისტემის საშუალებით, წვიმის წყალს სასმელად და სარწყავად გარდაქმნიან.

ცნობისთვის, აშშ-ის მწვანე მშენებლობის საკონსულომ (USGBC) ახალი სასერტიფიკაციო სისტემა 2018 წლის ნოემბერში შეიმუშავა. LEED Zero სერტიფიკატი გარემოზე მინიმალურ ზეგავლენის მქონე შენობებს გადაეცემათ.  

მსგავსი სტატიები