შენობების 47% შარშან ექსპლუატაციაში არ მიიღეს

Construction News

დედაქალაქში აშენებული საცხოვრებელი სახლების თითქმის ნახევარი ექსპლუატაციაში მიღებული არ არის.

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს მერიაში საცხოვრებელი სახლების ექსპლუატაციაში მიღებაზე 1,374 განაცხადი შევიდა, საიდანაც ზედამხედველობის სამსახურმა 47%, ანუ 652 ობიექტი დაიწუნა. ექსპლუატაციაში 722 ობიექტი მიიღეს.

რაც შეეხება 2017 წელს, მაშინ ექსპლუატაციაში მიღებაზე მერიის ზედამხედველობის სამსახურში 1,689 განაცხადი შევიდა, საიდანაც დადებითი დასკვნა მხოლოდ 875 ობიექტის შემთხვევაში გაიცა, 813 კი ზედამხედველობის სამსახურმა არ ჩაიბარა.

როგორც ცნობილია, ფიზიკური და იურიდიული პირები, შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების მიზნით, თბილისის მერიაში წარადგენენ განცხადებებს, რომლებსაც ზედამხედველობის სამსახური განიხილავს და ობიექტს იღებს ექსპლუატაციაში, ან ხარვეზების არსებობის შემთხვევაში, უარს ამბობს მიღებაზე. ექსპლუატაციაში მიღება ხდება იმის საფუძველზე, რომ მშენებელმა უნდა წარმოადგინოს ნებართვა, რომელიც ჰქონდა აღებული, თუ არის თანხვედრაში იმ ნებართვასთან, რომელიც იყო არქიტექტურის სამსახურიდან გაცემული.

bpn.ge

მსგავსი სტატიები