შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები ახალ შენობაში იცხოვრებენ

Construction News

აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, სახლის ტიპის გარემოში იცხოვრებენ და იქნებიან ინდივიდუალური სამედიცინო მზრუნველობის ქვეშ.

დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სპეციალიზებული, მცირე საოჯახო ტიპის სახლი გაიხსნა.

საოჯახო ტიპის სახლი, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, თბილისის მერმა კახა კალაძემ და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელმა მერი მაღლაფერიძემ, საზეიმოდ გახსნეს.

საოჯახო ტიპის სახლის მშენებლობა აშშ-ის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. პროექტი დაახლოებით 1,200,000 ლარის ($425,000) ღირებულებისაა და აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსის USACE-ის მიერ განხორციელდა.

ეს სახლი განკუთვნილია საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ფენის დასახმარებლად. ამ პროექტის მეშვეობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მზრუნველობამოკლებული ბავშვები ბევრად უკეთეს, მათზე მორგებულ გარემოში იცხოვრებენ. გარემოში რომელიც უფრო მეტად ჰგავს სახლს და მათ გაეწევათ უკეთესი სამედიცინო მომსახურება. ეს საოჯახო ტიპის სახლი, ბავშვებს შესაბამის სერვისებს დაბადებიდან – 18 წლის ასაკამდე მიაწოდებს. ისინი აქ ისწავლიან, როგორ გახდნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, როდესაც ამ სახლს დატოვებენ”, – აღნიშნა აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა.

პროექტის ფარგლებში, ამავე ტერიტორიაზე გათვალისწინებულია დამატებით ორი მსგავსი ტიპის შენობის აშენება, რის შედეგადაც “თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის” დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი საბოლოდ დასრულდება.

მსგავსი სტატიები