“ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ 15 ივლისამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდეს” – ნათია მეზვრიშვილი

Construction News

უსაფრთხოება / ტრანსპორტი / კორონავირუსი

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი გამოეხმაურა საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით, მთავრობის დადგენილებაში ჩაწერილი 15 ივლისის არასწორ ინტერპრეტაციას და განაცხადა, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უსაფრთხოდ და რაც შეიძლება სწრაფად ამუშავდეს.

ჩვენ ფრთხილ ნაბიჯებს ვდგამთ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილი არასდროს არ არის. არასწორად იყო ინტერპრეტირებული მთავრობის დადგენილებაში ჩაწერილი 15 ივლისი. უბრალოდ, პროცედურულად, სხვაგვარად შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო მოქმედებს 15 ივლისამდე და შესაბამისად, დადგენილებაში უფრო ადრე ან უფრო გვიანი ვადა ვერ ჩაიწერებოდა, რაც არ ნიშნავს იმას, რომ არ შეიძლება საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო ადრე ამუშავდეს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორი მდგომარეობა გვექნება, ამაზე დღეს შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა. ვმუშაობთ შესაბამის რეკომენდაციებზე. მხოლოდ ტექნიკური მზაობა, ანუ ის, რომ ტრანსპორტი არსებობს და ამუშავებისთვის მზადაა, საერთო მზაობისთვის საკმარისი არ არის. საჭიროა შესაბამისი რეკომენდაციები, მათ შორის, ვმსჯელობთ, რა თანმიმდევრობით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის რომელი სახეობები ავამუშაოთ, იქნება ეს ერთბაშად თუ ეტაპობრივად. პირბადე იქნება სავალდებულო, ალბათ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოცულობის მიხედვით, გარკვეულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ მგზავრთა რაოდენობასთან დაკავშირებითაც და ამ დეტალებზე მსჯელობა მიმდინარეობს. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ 15 ივლისამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდეს, რადგან კარგად გვესმის, რამხელა დისკომფოტია ეს მოქალაქეებისთვის. ბევრი მნიშვნელოვანი შეზღუდვა მოვხსენით, რომელიც მათ შორის სოციალურ დისტანციასთან და მობილობასთან იყო დაკავშირებული. ჩვენ ამ საკითხს საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით, ასე რომ მოქალაქეებმაც სწორად უნდა გაგვიგონ, ჰქონდეთ ამ საკითხში მთავრობის ნდობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე დეტალებს გავასაჯაროებთ”, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

მსგავსი სტატიები