ქუთაისში რეგიონული ნაგავსაყრელი ევროპული სტანდარტებით აშენდება

Construction News

„მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ქუთაისში ევროპული სტანდარტების რეგიონული ნაგავსაყრელი აშენდება, შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა.

„მყარი ნარჩენების მართვის კომპანია რამდენიმე წელია აქტიურა თანამშრომლობს ადგილობრივ მოსახლეობასთან და დიალოგის რეჟიმში განიხილავს რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს. ახალი რეგიონული ნაგავსაყრელი აშენდება ევროპული სტანდარტების შესაბამისად და მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. რითაც უზრუნველყოფილი იქნება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა.

ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული ნაგავსაყრელის მოწყობასთან ერთად, პროექტი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების მოგროვების, ქუჩების დასუფთავების სისტემის გაუმჯობესებას, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობას და არსებული მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დახურვას (მათ შორის ე.წ. ნიკეას ნაგავსაყელის). პროექტის განხორციელებით გაუმჯობესდება რეგიონის ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობები”, – ნათქვამია განცხადებაში.

ტერიტორია, რომელზეც ნაგავსაყრელის მშენებლობა არის დაგეგმილი, საერთაშორისო ექსპერტების მიერ საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად შეირჩა.

„ახალი რეგიონული ნაგავსაყრელი, 5 გადამტვირთავ სადგურთან ერთად, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის 700,000-მდე მოსახლეს მოემსახურება. ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოში ნარჩენების მართვის ახალი, თანამედროვე სისტემის დანერგვის გზაზე. ქვეყნის მასშტაბით არსებული სტატუსის მქონე ძველი მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელები 2023 წლისთვის დაიხურება და მათ 8 რეგიონული არასახიფათო ნარჩენების, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ნაგავსაყრელი ჩაანაცვლებს”, – აცხადებენ კომპანიაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც სოფელ ჭოგნარის მცხოვრებლებმა სოფელ გოდოგანში ნაგავსაყრელის მშენებლობის გადაწყვეტილების შეცვლა მოითხოვეს.

მსგავსი სტატიები