ქვანახშირის თბოელექტროსადგურების მშენებლობაში ჩადებული 640 მილიარდის ინვესტიცია საფრთხის ქვეშაა

Construction News

კვლევითი ცენტრი “Carbon Tracker Initiative” ანგარიშს აქვეყნებს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მსოფლიოს მასშტაბით, ქვანახშირის თბოელექტროსადგურების მშენებლობაში ჩადებული $640 მილიარდის ინვესტიცია საფრთხის ქვეშაა, რადგან განახლებადი ენერგიის წყაროების საშუალებით, ელექტროენერგიის წარმოება უკვე გაცილებით იაფია.

კვლევამ, მოქმედი და ასევე მშენებარე ქვანახშირის თბოელექტროსადგურების 95% მოიცვა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქარისა და მზის ელექტროსადგურების მშენებლობა მალე უფრო იაფი გახდება, ვიდრე არსებული ქვანახშირის თბოელექტროსადგურების ექსპლუატაცია.

ამ დროისთვის, მსოფლიოს მასშტაბით 638 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 499 გიგავატი  სიმძლავრის, ახალი ქვანახშირის თბოელექტროსადგურების მშენებლობა მიმდინარეობს.

რისკის ქვეშაა:

ევროკავშირში – $16 მილიარდის ინვესტიცია

ჩინეთში – $158 მილიარდის ინვესტიცია

ინდოეთში – $80 მილიარდის ინვესტიცია და ა.შ.

არაუგვიანეს 2030 წლისა, ქარისა და მზის ენერგიის ელექტროსადგურების მშენებლობა გაცილებით იაფი იქნება, ვიდრე ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურების ექსპლუატაცია. დღესდღეობით, ქვანახშირზე მომუშავე სადგურების 60%-ის მიერ წარმოებული ელექტროენერგია გაცილებით უფრო ძვირია, ვიდრე განახლებადი ენერგიის წყაროების მიერ წარმოებული.

თუმცა, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ აღნიშნული ტენდენცია ათწლეულების მანძილზე ვერ შეძლებს ქვანახშირზე გამომუშავებული ელექტროენერგიის ბაზრიდან გაძევებას – ინფორმაციას econews ავრცელებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ ქვანახშირის წვის შედეგად გამოიყოფა საშიში დამაბინძურებელი ნივთიერებები, მათ შორის გოგირდის დიოქსიდი, აზოტის ოქსიდები, პოლიციკლური ნახშირწყალბადები, შეწონილი ნაწილაკები (PM2.5 და PM10) და სხვა. ქვანახშირის თბოელექტროსადგურის ოპერირებისას შეწონილი ნაწილაკები წარმოიშობა დიდი ოდენობით და ასეულობით კილომეტრზე შეუძლიათ გავრცელება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ, ქვანახშირის წვის შედეგად წარმოქმნილი ბოლი, კარცენოგენადაა კლასიფიცირებული.

მსგავსი სტატიები