ფოთში ახალი პორტი და ტერმინალი აშენდება

Construction News

ქალაქ ფოთში ახალი პორტი და ტერმინალი აშენდება. პროექტს OPIC-ი დააფინანსებს.

აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციასა (OPIC) და პეის ჯგუფს შორის 50-მილიონიანი ხელშეკრულების გაფორმებისადმი მიძღვნილი ღონისძიების გახსნისას, პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ახალი, მძლავრი საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო დერეფნად ჩამოყალიბების საქმეში.

„ეს იქნება თანამედროვე სატერმინალო კომპლექსი, რომელიც მასშტაბურ ცვლილებებს მოუტანს ქვეყნის და რეგიონულ ეკონომიკას. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი გახდება ერთ-ერთი სამაგალითო არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთლიანად რეგიონში. ამერიკის მთავრობის საფინანსო ინსტიტუტის მონაწილეობა ამ პროექტში და OPIC-ის მიერ გამოყოფილი 50-მილიონიანი დაფინანსება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველო არის სანდო და მნიშვნელოვანი პარტნიორი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა საქართველოს ეკონომიკაში OPIC–ის მიერ შეტანილ მნიშვნელოვან წვლილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ OPIC–ს დღემდე ინვესტირებული აქვს თითქმის 600 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც 60-მდე პროექტს მოხმარდა.

მსგავსი სტატიები