ფინეთის მთავრობამ სამშენებლო სექტორის მონიტორინგის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა

Construction News

ფინეთში, მუშახელის შემცირების გამო სამშენებლო სამუშაოების შეფერხებას პროგნოზირებენ.

ფინეთის მთავრობამ საზღვარზე გადაადგილება შეზღუდა. საყურადღებოა, რომ შეზღუდვა ეხება მათაც, ვისაც სამუშაო მიზნით სურს საზღვის გადაკვეთა. ვარაუდობენ, რომ აღნიშნული რეგულაცია განსაკუთრებით მძიმედ აისახება სამშენებლო სექტორზე, რადგან ამ სექტორში დასაქმებულთა თითქმის მესამედი უცხო ქვეყნიდან შემოსული მუშახელია.

კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარება, ახალ რეალობას ქმნის სამშენებლო სექტორისთვის. ფინეთის მთავრობაში მიაჩნიათ, რომ პროცესების მუდმივი მონიტორინგი აუცილებელია, რათა ყველა წარმოქნილი საკითხი გადაიჭრას.

ფინეთის გარემოს დაცვის მინისტრის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი, შესაბამის პარტნიორებთან და ოპერატორებთან ერთად, თვალყურს მიადევნებს სამშენებლო სექტორში მიმდინარე პროცესებს და გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს, აუცილებელი ზომების გატარების მიზნით. სამუშაო ჯგუფში ასევე შედის შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, ფინეთის სამშენებლო ინდუსტრიის კონფედერაცია “RT” და ფინეთის შენობების მფლობელთა ასოციაცია. აღნიშნული ჯგუფი მოცემულ საკითხზე მუშაობას 23 მარტიდან შეუდგება.

ცხადია, რომ სამშენებლო სექტორს არ შეეძლო ასეთი რადიკალური პროცესების გათვალისწინება. სექტორში დასაქმებულთა მესამედი საზღვარგარეთიდან მოდის, შესაბამისად, მოცემულ ვითარებაში სამშენებლო სამუშაოების შეფერხება გარდაუვალია. ვინაიდან ფორს-მაჟორული გარემოებაა შექმნილი, სამუშაოს გრაფიკთან დაკავშირებით კონკრეტულად არაფრის თქმა არ შეგვიძლია და ამიტომ, სამშენებლო პროექტების დასრულების ვადებს მოქნილად მივუდგებით”, – აცხადებს მინისტრის უფროსი მრჩეველი, კირსი მარტინკაუპი.

ახალი სასაზღვო რეგულაციების თანახმად, საზღვრის გადაკვეთა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც მუდმივი დასაქმების ხელშეკრულება აქვთ და შვედეთიდან და ნორვეგიიდან სამუშაო ხელშეკრულების ფარგლებში შეუძლიათ ფინეთში მუშაობა, რაც რეგიონში ხშირი მოვლენაა. რეგულაცია გულისხმობს, რომ 22 მარტიდან, მაგალითად ესტონეთიდან სამუშაოდ ვეღარავინ შევა ფინეთში.

ამიერიდან, ფინეთის საზღვრის გადაკვეთა სამუშაოსთვის შეეძლებათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც ისეთ კრიტიკულ სექტორებში არიან დასაქმებულები, როგორიც არის ჯანდაცვა და ტრანსპორტი, ხოლო სამშენებლო სექტორში დასაქმებულებს, რომლებიც ორ ქვეყანას შორის მოძრაობდნენ, მოუწევთ დროებით თავის სამშობლოში დარჩენა. შესაბამისად, სამშენებლო სექტორში მუშახელი შემცირდება, რაც სამუშაოების შეფერხებას გამოიწვევს.

ფინეთის სამშენებლო სექტორში მასალების დეფიციტს არ პროგოზირებენ, რადგან ქვეყანას სამშენებლო მასალების ადგილობრივი წარმოება აქვს, ამიტომ მთავარი პრობლემა ამ სექტორისთვის მუშახელის სიმცირე იქნება.

აქვე შეგახსენებთ, ფინეთის სამშენებლო სექტორში საზღვარგარეთიდან შემოსული მუშახელი 20%-ს შეადგენს, ხოლო ჰელსინკიში მათი წილი 33 პროცენტია. აღნიშნული პროცენტული მაჩვენებლი, კორონავირუსის გავრცელებამდე არსებულ მონაცემებს ასახავს.

მსგავსი სტატიები