ტყიბულში, ქვანახშირის კარიერში მიწისა და ქვანახშირის მასა ჩამოიშალა, რამაც 55 წლამდე ასაკის მამაკაცი მოიყოლა.
ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, შეტყობინების მიღებისთანავე, უმოკლეს დროში მოხდა მეხანძრე-მაშველთა ჯგუფებისა და სპეციალური ტექნიკის მობილიზება. ასევე სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ადგილზე იმყოფებიან პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებიც.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.