ტვერელის სახელობის ტაძართან მიმდინარე მშენებლობის კოეფიციენტი არ შეცვლილა

Construction News

ტვერელის სახელობის ტაძართან მიმდინარე მშენებლობის თაობაზე გაცემული ნებართვის ფარგლებში ზონის ან კოეფიციენტის ცვლილება არ მომხდარა, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იმ ავარიულ შენობებს, რომელთა ჩანაცვლებაც იგეგმება, ძეგლის სტატუსი არ გააჩნია. გარდა ამისა, წარმოდგენილია ყველა დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ მშენებლობის პროცესი ამ ტერიტორიისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

„მშენებლობის ნებართვა არამხოლოდ კანონიერად გაიცა, არამედ მშენებელს არანაირი ცვლილება არ მოუთხოვია იმ ნებართვისგან, რაც მოქმედებს ამ ტერიტორიაზე. არც ზონის ცვლილება და არც კოეფიციენტის მატება არ დაფიქსირებულა. საკითხი ეხება სრულიად უსახურ, ავარიულ შენობებს, რომელთაც ძეგლის სტატუსი არ გააჩნიათ. ხდება მათი ჩანაცვლება საბჭოს მიერ დამტკიცებული, დაბალი ინტენსივობის პროექტით. რაც შეეხება ეკლესიასთან სიახლოვეს, წარმოდგენილია ყველა დასკვნა, კონსტრუქციული თუ გეოლოგიური, რომ ფერდობი, რომელიც ემიჯნება ეკლესიას, არ წარმოადგენს საფრთხეს, თუმცა დამატებით მაინც იქნება გამაგრებული. ვერანაირ პრობლემას მერია ამ პროექტის განხორციელებაში ვერ ხედავს”, – აცხადებს ელოშვილი.

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი რამდენჯერმე გავიდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოზე.

მსგავსი სტატიები