ნარჩენების მართვის სისტემების გაუმჯობესებამ სურსათში ტყვიის შემცველობის შემცირება განაპირობა

Construction News

2018 წელს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, სურსათის 1176 ნიმუშიდან ტყვიის ნორმასთან შეუსაბამობა 23 შემთხვევაში გამოვლინდა, რაც საერთო რაოდენობის 2 პროცენტია.

გასულ წელს, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლეული იქნა: რძის და რძის ნაწარმის 82, ხორცის და ხორცპროდუქტების – 335, თევზის და თევზის პროდუქტების – 47, კვერცხის – 68, ბავშვთა კვების პროდუქტების – 48, სუნელ-სანელებლების – 137, თაფლის – 11, სასმელების – 108, პურპროდუქტების, ბურღულეულისა და ბოსტნეულის 340 ნიმუში.

„ტყვიის შემცველობა ნორმას არ აღემატება ბავშვთა კვების პროდუქტებში, თევზში, პურპროდუქტებში, ბურღულეულსა და ბოსტნეულში.

გასულ წლებთან შედარებით, ტყვიის გადაჭარბებული ოდენობა არ გამოვლენილა ხორცის ნიმუშებში.

დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობა აღინიშნა ნედლი რძის 15 და სუნელ-სანელებლების 8 ნიმუშში (2017 წელს სუნელ-სანელებლებში 33 დარღვევა დაფიქსირდა). დარღვევის შესახებ ეცნობა შესაბამის სამსახურებს და პროდუქციის ამოღებაზე ზედამხედველობა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განახორციელა“, – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სურსათში ტყვიის შემცველობაზე აღებულ ნიმუშებში დარღვევების რაოდენობის შემცირება განაპირობა ბაზრის კონტროლის გააქტიურებამ და რეგიონებში ნარჩენების მართვის სისტემების გაუმჯობესებამ.

მსგავსი სტატიები