სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის მგფ-ს 70 მილიონი ევრო გადაეცა

Construction News

მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მერსი ტემბონმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ ხელი მოაწერეს სასესხო და საპროექტო ხელშეკრულებას 90 მილიონი ევროს ოდენობით „ინოვაციების, ინკლუზიური განათლების და ხარისხის“ პროექტის განსახორციელებლად. პროექტი ხელს შეუწყობს ადამიანური კაპიტალის განვითარებას სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, ხარისხიანი განათლების და ხელსაყრელი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის გზით.  მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ ეს სესხი საქართველოსთვის 2019 წლის 29 მაისს დაამტკიცა. 

90 მილიონი ევროდან საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს 70 მილიონი ევრო გადაეცა სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის. 

აღნიშნული პროექტი სკოლამდელი, ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმის ხელშეწყობას გულისხმობს და მიზნად ისახავს ადრეული განათლების, ზრუნვის ხარისხის და ჩართულობის გაზრდას, ზოგადი განათლების სისტემაში სწავლა-სწავლების ხარისხის  ამაღლებას, უმაღლესი განათლების სფეროში დაფინანსების მექანიზმების გაძლიერებას და  ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას, სისტემის განმტკიცებას, დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციას, პროექტისა და მონიტორინგის სისტემის გაძლიერებას.  

ინოვაციების, ინკლუზიური განათლებისა და ხარისხის“ პროექტი სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის, ხარისხიანი განათლებისა და ხელსაყრელი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის გზით ხელს შეუწყობს ჩვენს უმთავრეს რესურსს – ადამიანური კაპიტალის განვითარებას,“ – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკის გუნდს და მის ადგილობრივ ოფისს მხარდაჭერისთვის.

პროექტი სრულ შესაბამისობაში მოდის მსოფლიო ბანკის საქართველოსთან თანამშრომლობის  2019-2022 წლების სტრატეგიასთან და ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას 2018 – 2023 წლების განათლების რეფორმის განხორციელებაში. 

მსგავსი სტატიები