სკვერის მოწყობის სამუშაოების შეუსრულებლობის გამო, მერია შპს „ტაოსთან“ ხელშეკრულებას წყვეტს

Construction News

თბილისის მერია შპს „ტაოსთან“, რომელიც გლდანის მე-6 მიკრორაიონში, მეშვიდე და მეოცე კორპუსებს შორის არსებულ ტერიტორიაზე საზოგადოებრივი სკვერის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებდა, ხელშეკრულებას წყვეტს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შპს „ტაოს“ სკვერის მოწყობის სამუშაოები ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში უნდა დაესრულებინა. მისივე თქმით, გამოვლენილი ხარვეზების გამო, მუნიციპალურმა ინსპექციამ სკვერში მთელი რიგი სამუშაოები შეაჩერა.

„ჩვენთვის ეს დამოკიდებულება და მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია. პირდაპირ ვამბობ – ასეთი კომპანიები დედაქალაქის მთავრობასთან ვერ ითანამშრომლებენ. ეს არის პირდაპირი შეურაცხყოფა პირველ რიგში, თბილისის მოსახლეობისთვის“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს დაავალა, აღნიშნულ კომპანიასთან კანონით გათვალისწინებული პროცედურები გატარდეს.

„ირაკლი ბენდელიანს მინდა დავავალო, რომ ამ კომპანიასთან თანამშრომლობა შეწყდეს. კანონის ფარგლებში იმოქმედეთ, რათა დროულად მოხდეს იმ ხარვეზების გამოსწორება, რაც თვალში საცემია. ეს კომპანია ანალოგიურად მუშაობდა ბუშის ქუჩაზე. იქაც გადაამოწმეთ შესრულებული სამუშაოები. შესაბამისად, იმოქმედეთ კანონის ფარგლებში, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს პროექტების დასრულება“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მსგავსი სტატიები