სინათლის გამტარი ბეტონი “I Light” – მომავლის სამშენებლო მასალა

Modern Roofing

ყველასთვის ცნობილია, რომ ბეტონი ყველაზე გავრცელებული სამშენებლო მასალაა, რომელიც ძირითადად წყლისა და ცემენტისგან შედგება. ბეტონის შეცვლა შესაძლებელია გარკვეული დანამატებით, მაგალითად: შეიცვალოს ფერი, გაუძლოს ტყვიას, შეიწოვოს სითხე და ა.შ.. თუმცა მისი ერთი მახასიათებელი მუდამ უცვლელი რჩება – ეს გაუმჭვირვალობაა.

ასე იყო მანამ, ვიდრე იტალიური კომპანია “Italcement Group”-ის სპეციალისტებმა შექმნეს სინათლის გამტარი ბეტონის ფილა “I Light”.

ბეტონისა და გარკვეული პოლიმერული მასალების შერევით, ბეტონის ფილას შეუძლია გაატაროს სინათლე, ხოლო ნახევრად გამჭვირვალე ბეტონის ფილებისგან განსხვავებით  (რომელთა შემადგენლობაში ბოჭკოვანი ელემენტები შედის), “I Light” არის არა უბრალოდ გამჭვირვალე, არამედ იძლევა შესაძლებლობას დავინახოთ კედლის მეორე მხარეს არსებული რეალობა, რაც ნიშნავს, რომ არა მხოლოდ სინათლეს ატარებს, არამედ რეალურად გამჭვირვალეა.

თითო პანელის წონა 50 კილოგრამია, ხოლო ზომა 500 x 100 x 50 მმ.

ასეთი ტიპის ბეტონი შეიცავს 50-ზე მეტი სახეობის პოლიმერულ მასალას, რაც ფილას ხდის გამჭვირვალეს, თუმცა ზუსტი შემადგენლობის შესახებ “I Light”-ის შემქმნელები არ საუბრობენ.

ბეტონის გაჭვირვალობის ეფექტი, საკმაოდ მოთხოვნადი აღმოჩნდა, მას იყენებენ როგორც ტრადიციული მშენებლობისას, ასევე დეკორატიული მიზნებისთვის.

საკმაოდ საინტერესოა ამ ინოვაციური მასალის შექმნის ისტორია, ის შეიმუშავეს არა სამეცნიერო კვლევების შედეგად, არამედ ერთ-ერთი იტალიელი არქიტექტორის დაკვეთით, რომელსაც რადაც არ უნდა დაჯდომოდა, გადაწყვეტილი ჰქონდა ჩინეთის სამშენებლო გამოფენაზე იტალიის პავილიონი ყოფილიყო მოწყობილი გამჭვირვალე ბეტონის ფილებით.

თავდაპირველად “Italcement Group”-ის წარმომადგენლებმა ბევრი იცინეს ახირებული არქიტექტორის იდეაზე – ფიქრობდნენ ეს შეუძლებელი იქნებოდა…

2 წლის განმავლობაში მუშაობდა მკვლევარების ჯგუფი გამჭვირვალე ბეტონის შექმნაზე და საბოლოოდ მიაკვლიეს გადაწყვეტილებას. შედეგად, ჩინეთის მასშტაბურ სამშენებლო გამოფენაზე “Expo Shanghai”, იტალიამ თავისი პროდუქცია 40%-ით გამჭვირვალე პავილიონის კედლებში წარმოადგინა, რომელიც 3,774 გამჭვირვალე ბეტონის ფილით იყო აშენებული.

ვიზიტორებზე შენობა განსაკუთრებულ შტაბეჭდილებას ტოვებდა – მიუხედავ მისი სიმტკიცისა, შენობა ასხივებდა სინათლეს, რის გამოც ბეტონი გამოიყურებოდა არა როგორც ცივი, არამედ როგორც თბილი მასალა.

შემქმნელები აცხადებენ, რომ ეს ფილა არ არის შენობის მზიდი კონსტრუქციისთვის განკუთვნილი, ამიტომ საუკეთესო შედეგის მისაღებად, კარგი იქნება თუ შენობის ფასადის დაახლოებით 40% გამჭვირვალე ბეტონის ფილით იქნება მოწყობილი. ფაქტობრივად ის ანაცვლებს ფანჯარას, შესაბამისად  “I Light” ენერგოდაზოგვის მომავლის ტექნოლოგიაა.

მსგავსი სტატიები