სიმართლის მოსატანად მოვედი დღეს – მაია ცქიტიშვილი ანაკლიის პორტზე

Construction News

“არ არსებობს არავითარი სხვა ინვესტორი და არ ვართ ძიების პროცესში, ერთადერთი რასაც ვაკეთებთ დღეს, ვმუშაობთ კონსორციუმთან, არსებულ ინვესტორთან და ბანკებთან იმისთვის, რომ ეს ანაკლიის პორტის პროექტი დასრულდეს წარმატებულად”, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ალტერნატიული ინვესტორის შესახებ დეპუტატ სალომე სამადაშვილის შეკითხვის საპასუხოდ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, სახელმწიფოს არც ერთ ეტაპზე არ ჰქონია და არც დღეს აქვს სურვილი, სახელმწიფო საკუთრებაში ჰქონდეს პორტი და მართოს ის.

მაია ცქიტიშვილმა, ანაკლიის პორტის მშენებლობასა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მოთხოვნებთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ ბანკები ბევრ ისეთ ცვლილებას ითხოვენ, რომელიც თავდაპირველად განსაზღვრული არ ყოფილა.

„ერთ-ერთი მოთხოვნა ეხება პორტთან დამაკავშირებელ გზას და რკინიგზას. ამ ნაწილში ბანკების მოთხოვნაა, რომ სამუშაოები, განსახლება და ყველა პროცესი, წარიმართოს დონორების წესების შესაბამისად, რაც თავდაპირველად არ იყო გათვალისწინებული. ჩვენ გზა და რკინიგზა უნდა ავაშენოთ სახელმწიფო დაფინანსებით, რაც გვიხსნის დონორების პროცედურების დაცვის ვალდებულებას. ეს მნიშვნელოვანია, რადგან არსებული სამუშაოების გრაფიკი ამას არ ითვალისწინებს”, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, ერთ-ერთი მოთხოვნა სასესხო ხელშეკრულებას ეხება.

„რა თქმა უნდა, ამაზე მოლაპარაკება შესაძლებელია, რასაც ვაკეთებთ კიდეც, მაგრამ მაშინ როცა მთავრობა სესხის უზრუნველყოფის გარანტია და პარალელურად, სესხის შეთანხმების ნაწილში, ასეთი შეზღუდვები შემოდის, ცოტა გაუგებარია, თუმცა ამ თემაზეც ვაგრძელებთ მოლაპარაკებას”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა

ვიცე-პრემიერის შეფასებით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ბანკების მხრიდან არის დასახელებული, ეს არის ხელშეკრულების შეწყვეტა და კომპენსაციის რეჟიმი ინვესტორის დეფოლტის შემთხვევაში.

ამ პროექტში არ არსებობს მხოლოდ ერთი მხარე, მხოლოდ ცალმხრივი ინფორმაცია და როდესაც ჟღერდება ასეთი თუ ისეთი განცხადებები, სპეკულაციები მას უნდა დაუპირისპირო სიმართლე. სწორედ ამ სიმართლის მოსატანად მოვედი დღეს თქვენთან იმისთვის რომ თქვენთვის პირველ რიგში და რა თქმა უნდა საზოგადოებისთვის მომეყოლა ის ფაქტობრივი მდგომარეობა რომელიც ამ პროექტთან დაკავშირებით გვაქვს“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასკვნით სიტყვაში.

მსგავსი სტატიები