“სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსზე” მუშაობა მიმდინარეობს

ქვეყნის სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო სფეროს ინსტიტუციური მოწყობის საკითხებზე, წინანდალში, გასვლით სამუშაო შეხვედრაზე მსჯელობენ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, მზია გიორგობიანის განცხადებით, კანონმდებლობა გარკვეული ცვლილებების შეტანას საჭიროებს.

“კოდექსი, ძირითადად, სივრცითი დაგეგმარებისა და სერტიფიცირების ნაწილებს შეეხება, რომელიც მხოლოდ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენცია არ არის. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარის პოზიცია იყოს განხილული. შევთანხმდებით პრინციპებზე, რა გვაქვს გასაკეთებელი, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რა ცვლილებები შევიტანოთ, რომ დოკუმენტი უფრო სრულყოფილი გახდეს”, – განაცხადა მზია გიორგობიანმა.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ცვლილებების პაკეტი, რომლითაც ზუსტდება სივრცის დაგეგმარების დოკუმენტების იერარქია, მათი შინაარსობრივი შემადგენლობა და სამართლებრივი სტატუსი. კოდექსს ასევე ემატება ის მუხლები, რომელიც აწესრიგებს არქიტექტორთა სერტიფიცირების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს.

კოდექსის სრულყოფაზე, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროებთან, დარგის ექსპერტებთან, არქიტექტორებთან ერთად, რამდენიმე თვეა აქტიურად მუშაობს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი. ორდღიანი სამუშო შეხვედრა ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის („საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა“ II ფაზა) ხელშეწყობით იმართება.

მსგავსი სტატიები