საშუალო ტემპერატურამ დედამიწაზე კიდევ ერთი გრადუსით მოიმატა

Construction News

“მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის” (WMO) ახალი ყოველწლიურ ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში ჰაერის საშუალო ტემპერატურამ კიდევ ერთი გრადუსით მოიმატა.

ანგარიშის პრეზენტაცია ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში შედგა, სადაც ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერესმა 23 სექტემბერს “კლიმატის სამოქმედო სამიტის” ჩატარება დააანონსა.

“მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის” ანგარიშის მიხედვით, 2018 წელი რიგით მეოთხე ყველაზე თბილი წელი აღმოჩნდა, რის მიზეზადაც სათბურის გაზების დონის უპრეცედენტო მატება სახელდება. ანგარიში წელსაც აფიქსირებს ზღვებსა და ოკეანეებში წყლის დონის მატებას, რაც ეკოსისტემას დესტაბილიზაციით ემუქრება.

ანგარიშის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2018 წელს კლიმატის ცვლილებამ 62 მილიონამდე ადამიანის ცხოვრების წესზე მოახდინა გავლენა. მათ შორის 2 მილიონზე მეტ ადამიანს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოუწია. ტემპერატურის მატებით გამოწვეულმა ხანძარმა ევროპის, იაპონიისა და აშშ-ის მასშტაბით 1,600-მდე ადამიანი იმსხვერპლა.

Econews-ის ცნობით, 2018 წლის განმავლობაში მხოლოდ აშშ-ში 14 ბუნებრივი კატასტროფა მოხდა, რომელსაც 100-მდე ადამიანი შეეწირა და ქვეყანას 49 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ზარალი მიაყენა.

კლიმატის ცვლილების ექსპერტებმა გრენლანდიაში ყინულის დნობაზეც გაამახვილეს ყურადღება, სადაც 2002 წლიდან დღემდე 3,600 კუბური კილომეტრის მოცულობის ყინული დადნა.

მსგავსი სტატიები