საქართველოში ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას EIB მომავალშიც განახორციელებს

Construction News

საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ჩვენი მთავარი პარტნიორია და ჩვენ მომავალშიც დავუჭერთ მხარს, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე ენერგეტიკის სექტორში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას”, – ამის შესახებ ევროპის საინვეტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრაზე, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, მამუკა ბატაძემ და ვაზილ ჰუდაკმა EIB-ის დაფინანსებით მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრეს და მომავალი თანამშრომლობის დეტალები განიხილეს.

“საქართველოს მთავრობის მეთაურთან განვიხილეთ ევროპის საინვესტიციო ბანკის საქმიანობის სამომავლო პერსპექტივები. ერთის მხრივ გავაგრძელებთ აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის მხარდაჭერას, რადგან ეს ევროპასთან დამაკავშირებელი გზა მნიშვნელოვანია დიდ ევროპულ ოჯახში საქართველოს  შემდგომი ინტეგრაციისთვის. ასევე, მხარს დავუჭერთ ენერგეტიკის სექტორში პროექტების განხორციელებას -ჰიდროელექტროსადგურებისა და გადამცემი ხაზების მოდერნიზაციას. ამ კონტექსტში გვსურს ხელი შევუწყოთ ახალ, ინოვაციურ საქმიანობას, რადგან საქართველოს უზარმაზარი პოტენციალი აქვს გამოგონებებისა და ტექნოლოგიური მიმართულებით, როგორიცაა მაგალითად ელექტრომობილურობა, ადგილობრივი ტრანსპორტი. პრემიერ-მინისტრს მკაფიო ხედვა აქვს სამარშრუტო ტაქსების ელექტროავტობუსებითა და ეკოლოგიური მანქანებით ჩანაცვლებასთან დაკავშირებით. ამდენად, სიამოვნებით დავუჭერთ მხარს ადგილობრივი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებასა და მოდერნიზებას, რათა მგზავრობა ეკოლოგიურად უფრო სუფთა და უსაფრთხო გახდეს”, – განაცხადა ვაზილ ჰუდაკმა, მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ.

ამასთან, საუბრისას ცნობილი გახდა, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი ივლისში საქართველოს ეწვევა და მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში “საქართველოს ევროპული გზა”.

ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საჯარო სექტორში დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების მოცულობა დაახლოებით 1,33 მილიარდ ევროს შეადგენს; ხოლო კერძო სექტორში, არასუვერენული პროექტების დასაფინანსებლად, EIB-ის მიერ გამოყოფილია 188 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი.

მსგავსი სტატიები