დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე კომპანია “აი გრუპისა” და ჩინური კომპანია “ჩანგანის” წარმომადგენლებს შეხვდა.
“აი გრუპი” ქუთაისში 100 ჰექტარ ტერიტორიაზე 24 თვეში ელექტრომობილების მწარმოებელ საწარმოს ააშენებს. ქარხანაში 300-მდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება, საწარმოს ამოქმედებიდან 18 თვეში კი არანაკლებ 5,000 ელექტრომობილი დამზადდება.
პრემიერ-მინისტრისა და კომპანიის წარმომადგენლების შეხვედრისას მნიშვნელოვნად შეფასდა ის ფაქტი, რომ საწარმო მთავრობის ხელშეწყობით აშენდება და იქნება რეგიონში პირველი, ელექტრომობილების წარმოების მიმართულებით.
პრემიერ-მინისტრის, „აი გრუპისა” და „ჩანგანის” წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ, ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობასთან დაკავშირებით მემორანდუმი გაფორმდა.
რეგიონში პირველი ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. სამშნებლო სამუშაოები ქუთაისში უახლოეს თვეებში დაიწყება.