საქართველოს ქალაქებში მწვანე სივრცეებს კაპიტალური მშენებლობისგან კანონი დაიცავს

Construction News

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი ახალ ინიციატივაზე მუშაობს, რომელიც მალე „მწვანე ხაზების“ სახელწოდებით გახდება ცნობილი. ინიციატივის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით, ქალაქის სტატუსის მქონე ყველა დასახლებაში არსებული სკვერების, ბაღებისა თუ პარკების ტერიტორია კანონით იქნება დაცული.

აღნიშნული ინიციატივა კანონპროექტის ავტორებმა – პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააჟღერეს.

„კოორდინატები პირდაპირ იქნება მითითებული კანონში. ეს იქნება დაცული ტერიტორიების შესახებ კანონის მსგავსი, სადაც საზღვრებთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება დაკავშირებული იქნება საკანონმდებლო ცვლილებასთან. ეს არის ასეთი ტერიტორიების დაცვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხი“, – განმარტა კახა კუჭავამ. 

კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში შეიქმნება მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი, რომელიც კონკრეტულად ამ საკითხზე იმუშავებს.

მამუკა მდინარაძის განცხადებით კი, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია გარემოს დაცვის თემა.

„ძალიან ხშირად ვხვდებით, როცა პარკებსა თუ სკვერებში ადამიანები მშენებლობას აპროტესტებენ და სავსებით სამართლიანად. ახალი ინიციატივით ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესმება ამ პროცესს. როდესაც შემოვა ერთ-ერთი პოზიტიური ტერმინი კანონმდებლობაში „მწვანე ხაზები“, ეს ტერმინი დაიცავს პარკებს, ბაღებს, სკვერებს აღნიშნულ ტერიტორიებზე ნებისმიერი სახის კაპიტალური მშენებლობისგან“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სტატიები