სანქტ-პეტერბურგში €250 მილიონად შეფასებული “მედია ქალაქი” აშენდება

Construction News

არქიტექტურული კომპანია “AI Studio” სანქტ-პეტერბურგის ცენტრში “მედია ქალაქის” მშენებლობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. პროექტი მედიისა და სხვა კრეატიული ინდუსტრიებისთვის საოფისე სივრცის მოწყობას გულისხმობს და მისი ბიუჯეტი 250 მილიონი ევროა.

“მედია ქალაქი” კუნძულ ვასელიევსკიზე, მდინარე ნევასთან აშენდება და ჯამში 135,000 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს. პროექტის კონცეპცია ითვალისწინებს თანამედროვე მასალებისა და ტექნოლოგიების ინტეგრირებას ტერიტორიის ისტორიასთან, რადგან სამშენებლო მოედნის მიმდებარედ ძირითადად მე-19 საუკუნის ნაგებობებია განთავსებული.

პროექტის გამორჩეული მახასიათებელია “მფრინავი ხიდების” კონცეპცია, რაც შვიდ სართულიან შენობებს დააკავშირებს ერთმანეთთან.

შემოქმედებითი ჯგუფის განცხადებით, ერთ-ერთ შენობას დაფარავს კინეტიკური მედია კედელი. იგი შედგენილი იქნება 10X10 სმ. ზომის ლითონის ფირფიტებისგან, რომლებიც ქარის მიმართულების შესაბამისად იმოძრავებენ, ხოლო ინტეგრირებული ლედ ტექნოლოგიის მეშვეობით, კედელზე ვიზუალური ეფექტი წარმოიქმნება.

ასევე საინტერესოა კომპლექსის გადახურვა. ის ერთიანად მოიცავს ხუთივე შენობას და ქმნის მასშტაბური საზოგადოებრივი სივრცის კომპოზიციას. სახურავის ნაწილი იქნება შუშის, რაც ღია სივრცის ასოციაციას შექმნის და ამავდროულად დაიფარავს ვიზიტორებს ქარისა და წვიმისგან.

მრავალფუნქციური კომპლექსი საქმიანი სივრცის გარდა, კაფე-რესტორნებს, სავაჭრო ზონასა და გალერიასაც ითვალისწინებს. ტერიტორიაზე 625 მანქანაზე გათვლილი საპარკინგო სივრცეც მოეწყობა, ხოლო სახურავზე ვერტმფრენის მოედანი განთავსდება.

მსგავსი სტატიები