მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში 70 მილიონ მოსახლეს ელექტროენერგიაზე წვდომა ჯერ კიდევ არ აქვს, რეგიონს განახლებადი ენერგიის ათვისების დიდი პოტენციალი აქვს. ამის შესახებ აღნიშნულია გლობალური აუდიტორული ფირმის “KPMG” ანგარიშში.
Econews-ის ინფორმაციით, “სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია” (ASEAN) განახლებადი ენერგიის სფეროში კაპიტალს ზრდის. ასოციაციის 10 წევრი ქვეყანა “მოტივტივე მზის პანელებით” არის დაინტერესებული.
რეგიონში განახლებადი ენერგიით დაინტერესებულია კერძო სექტორიც: ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორებიცაა გუგლი, მაიკროსოფტი, კოკა-კოლა და იკეა.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ინვესტიციებს ზრდიან საბანკო სექტორის წარმომადგენლები: მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ბანკი.
ამ ფონზე, ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ განახლებადი ენერგიის ფასები უახლოეს 5 წელიწადში ტრადიციული გზით მოპოვებული ელექტროენერგიის ფასს გაუთანაბრდება.