სამშენებლო ტენდერის გზით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვისთვის მაღალჩინოსნები დააკავეს

Construction News

სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ბრალდებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურამ რეგიონის 7 ყოფილი და მოქმედი მაღალი თანამდებობის პირები დააკავა.

30 მაისს უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განმარტეს, რომ დაკავებულები არიან: ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბაგრატ მანველიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე, ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე, ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ეგარსლან ლომაძე, ბათუმის მერიის ააიპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხინთიბიძე და ბათუმის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსი ბექა ხალვაში.

აჭარის პროკურატურის განმარტებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ხსენებული პირების გადაწყვეტილებით, რომლებიც იმჟამად ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის წევრები იყვნენ, 2015 წლის ოქტომბერში ე.წ. „იაფი სახლის“ პროექტის მშენებლობისთვის ტენდერი ერთი კომპანიის ინტერესებზე მორგებით გამოცხადდა.

საბოლოოდ კი, ბათუმის მერიამ ტენდერი ბაზრის კვლევის გარეშე, სწორედ ამ კომპანიის მიერ შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა, უცხოური საწარმოს ფილიალმა „კონვენტ ჯორჯიამ“ მიიღო.

პროკურატურაში განმარტავენ, რომ „კონვენტ ჯორჯიამ“ შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ყალბი დოკუმენტაცია წარადგინა, რომელზეც სატენდერო კომისიას საერთოდ არ უმსჯელია. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ წარდგენილი დოკუმენტაცია სატენდერო პირობებს არ აკმაყოფილებდა და კომპანიის უპირობო დისკვალიფიკაციის საფუძვლები არსებობდა, ის ტენდერში გამარჯვებულად უკანონოდ გამოაცხადდა.

აჭარის პროკურატურის განმარტებით, ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ, „კონვენტ ჯორჯიამ“ სატენდერო კომისიას ლონდონში რეგისტრირებული „Point Bank LTD“ მიერ გაცემული ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ისე წარუდგინა, რომ ხსენებული კომპანია საერთოდ არ იყო საბანკო დაწესებულება და არააქტიური კომპანია იყო.

უწყებისავე ინფორმაციით, „Point Bank LTD“-ის სანდოობის შესწავლა მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილეს დაევალა,  რომლის მიერ მოპოვებული ინფორმაციითაც დადგინდა, რომ კომპანიას რეიტინგი საერთოდ არ ჰქონდა, რაც პირდაპირ მიუთითებდა მის არასაიმედოობაზე.

„ნაცვლად იმისა, სატენდერო კომისიის წევრებს დაეცვათ სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი, შეეწყვიტათ ტენდერი და არ გაეფორმებინათ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება „კონვენტ ჯორჯიასთან“, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ გააფორმეს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება 4,279,990 ლარის ოდენობით“, – აცხადებენ აჭარის პროკურატურაში.

უწყებისავე განმარტებით, ბათუმის მერიამ „კონვენტ  ჯორჯიას“ წინასწარ 1,626,396.20 ლარის ოდენობის ავანსი ჩაურიცხა, საიდანაც კომპანიამ მხოლოდ 251,109.43 ლარის ღირებულების სამუშაოები შეასრულა. აღნიშნულის გამო კი, სახელმწიფო ბიუჯეტს 1,370,076  ლარის ოდენობის ზარალი მიიღო.

აჭარის პროკურატურის განმარტებით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ასევე 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

მსგავსი სტატიები